ახალი ამბები

კახა მამულაშვილის საქმის განხილვა 19 ოქტომბრამდე გადაიდო

23 სექტემბერი, 2015 • • 1206
კახა მამულაშვილის საქმის განხილვა 19 ოქტომბრამდე გადაიდო

ბრალდებულს ახალი ადვოკატი, ცისმარ ონიანი იცავს. ონიანმა საქმის მასალების სრულად გასაცნობად დრო ითხოვა, რასაც პროკურორის, გიორგი დავითაშვილის მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. როგორც ადვოკატი აცხადებს, ვერ შეძლო მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის გავლა.

 

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოსამართლე ნინო ელიეშვილმა შემდეგი სხდომა 19 ოქტომბერს, 16:00 საათზე ჩანიშნა.

 

”როგორც ვიცი, ცისმარ ონიანი საქმეში დღეს ჩაერთო, შესაბამისად, მას არ ჰქონდა დრო გაცნობოდა მასალებს. ამიტომ არ ვარ წინააღმდეგი, რომ ის კარგად გაეცნოს მასალებს და შემდეგ გაიმართოს სხდომა,”- განაცხადა დავითაშვილმა. 

 

მამულაშვილმა პირველ სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული. როგორც ის აცხადებს, ამ დროისათვის საქმის მიმდინარეობაში არაფერი შეცვლილა და ადვოკატთან ერთად შემდეგ სხდომასა და მოსამართლის გადაწყვეტილებას ელის.

 

”არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ველოდები შემდეგ სხდომას და მოსამართლის გადაწყვეტილებას,”- აცხადებს კახა მამულაშვილი. 

 

მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიების ფორმა შეეცვალა და სასამართლომ 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ 9 სექტემბერს წინასასამართლო სხდომიდან გაათავისუფლა.

 

კახა მამულაშვილი თბილისის აეროპორტში 18 ივლისს დააკავეს. მას სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა ქ/პ და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’ქ/პ-ით ბრალად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში შემოტანა ედება.

 

კახა მამულაშვილი საქალაქო სასამართლოში. 23.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი
კახა მამულაშვილი საქალაქო სასამართლოში. 23.09.15 ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი