ახალი ამბები

უშვილობის დროს რუსეთის ბიომასალის აფხაზეთში შესაძლო გამოყენებას თბილისში ეხმაურებიან

22 სექტემბერი, 2015 • • 1037
უშვილობის დროს რუსეთის ბიომასალის აფხაზეთში შესაძლო გამოყენებას თბილისში ეხმაურებიან

აღნიშნული განცხადებით, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის, ანზორ გოოვის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ამბობს, რომ უნაყოფობის პრობლემა აფხაზეთში მეტად აქტუალურია და რუსული ბიოლოგიური მასალის გამოყენებით მოხდება აფხაზეთის დემოგრაფიული განვითარება. 

 

“ანუ, აფხაზების გამრავლება რუსულ კლინიკას გადაწყვეტილი აქვს საკუთარი ბიორესურსების საფუძველზე. ის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აღიარა აფხაზეთის მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა, ეს კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეძლებენ აფხაზეთის გენოფონდის გადარჩენას. ის, რაც სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში წავიკითხეთ, შემაშფოთებელია არა მარტო ჩვენთვის, არამედ ეს შემაშფოთებელი უნდა იყოს თავად აფხაზი ხალხისთვისაც”, – აცხადებს ხუნდაძე.

 

მისი განმარტებით, ეს შეთავაზება მისაღები იქნებოდა აფხაზეთში საკუთარი ბიორესურსების ბანკის შექმნის შემთხვევაში. ხოლო იმ პირობებით, რასაც რუსული კლინიკა აფხაზურ მხარეს სთავაზობს, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, “სხვა არაფერია, თუარა აფხაზური გენოფონდის რუსულ გენოფონდთან ასიმილაცია და არა აფხაზური გენოფონდის გადარჩენა”.

 

“რუსული კლინიკის ისტორიაში გარკვევით არის მითითებული, რომ ხშირად ერთი დონორის მიერ მიწოდებული ბიომასალა რამდენიმე პაციენტზე ნაწილდება. ეს კი საფრთხის შემცველია განსაკუთრებით მცირერიცხოვანი ერისათვის, რადგან მომავალში დიდია ახლონათესაური შეჯვარების რისკი. როგორც ჩანს, აფახაზი ხალხის წინაშე მდგარი სერიოზული პრობლემა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული და არა აფხაზური გენოფონდის გადასარჩენად. ხელოვნური განაყოფიერება ერთ-ერთი მცირე ნაწილია დემოგრაფიულ პროგრამაში. უმთავრესი კი ბუნებრივი შობადობის გაზრდა, აბორტების მინიმუმამდე დაყვანა და ძლიერი ნარკოპოლიტიკის გატარებაა. პარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ შეთავაზება აფხაზი ხალხისადმი: – მათი სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ ყველა ის ინიციატივა, რაც ჩვენთან წარმატებით ხორციელდება, მათთანაც განვახორციელოთ. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ქართულ-აფხაზური გენოფონდის გადარჩენა. დღეს რუსული მხარისგან შეთავაზებული წინადადება შესაძლოა ხვალ აფხაზეთის დემოგრაფიული ანექსიის საბაბი გახდეს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი