ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, უგულავას საქმისთვის ცვლილება არა პროკურორს, არამედ სასამართლოს ეკუთვნის

22 სექტემბერი, 2015 • • 1146
წულუკიანის თქმით, უგულავას საქმისთვის ცვლილება არა პროკურორს, არამედ სასამართლოს ეკუთვნის

“გიგი უგულავას სისხლის სამართლის საქმეზე თუ ვინმეს ცვლილებაა საჭირო, ეს კრიტიკა, ალბათ, პირველ რიგში, სასამართლოს ეკუთვნის. სასამართლოს, რომელმაც ცხრა და მეტი თვის განმავლობაში ის ვერ მოახერხა, რომ სხდომა დაესრულებინა. მართლმსაჯულება მოსამართლის ხელშია, აქ ვერც ადვოკატს დავადანაშაულებთ და ვერც პროკურორს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

პროკურატურის ცნობით, უგულავას სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის მიმდინარეობისას მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა და ჯერი დაცვის მხარეზე მიდგა, ადვოკატებმა სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაიწყეს, რაც იმაში გამოიხატა, რომ ბრალდებულმა არაერთხელ შეცვალა ადვოკატები, რომლებმაც თავის მხრივ 4 თვის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით (მათ შორის საქმის მასალების არცოდნის მოტივით) 9-ჯერ თქვეს უარი საბოლოო სიტყვის წარმოთქმაზე.

 

მსგავსი ქმედებებით დაცვის მხარემ შეძლო სხდომის ხელოვნურად გაჭიანურება სექტემბრამდე და რომ არა დაცვის მხარის მსგავსი ქმედებები, ხსენებული საქმის განხილვა დასრულდებოდა რამდენიმე თვით ადრე. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორებმა მედიასთან არაერთხელ ისაუბრეს და მოუწოდეს დაცვის მხარეს, რომ შეეწყვიტა საქმის ხელოვნურად გაჭიანურება, თუმცა სხვა მხრივ ბრალდების მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას რეალურად ჩარეულიყო საქმის მიმდინარეობაში”, – განმარტეს პროკურატურაში.

 

იუსტიციის მინისტრის თქმით, მთავარი პროკურორის ცვლილება ახალი კანონითაა განსაზღვრული.

“რაც შეეხება მომავალ ცვლილებებს, პროკურატურის შესახებ რეფორმა შედის მალე ძალაში, მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ პროგრესულ კანონს ხელს მოაწერს რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


პროკურატურის შესახებ ახალი კანონით, რომელიც პარლამენტმა 18 სექტემბერს დაამტკიცა, მთავარი პროკურორობის სამ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი წარუდგენს საპროკურორო საბჭოს, რომლის მიერ შერჩეულ ერთ კანდიდატს მთავრობა განიხილავს და შემდეგ პარლამენტი ამტკიცებს. მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით აირჩევა.

წულუკიანი
წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი