ახალი ამბები

თვითმხილველის თქმით, პოლიციამ უცხოელზე ძალადობაზე რეაგირება არ მოახდინა

22 სექტემბერი, 2015 • • 1428
თვითმხილველის თქმით, პოლიციამ უცხოელზე ძალადობაზე რეაგირება არ მოახდინა

“ადამიანის სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” აცხადებს, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს  EMC-ის თანამშრომელი თ. ბ. და მისი მეგობარი რუსთაველის გამზირზე Bergmann-ის მიერ შავკანიანი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის თვითმხილველი გახდა.

 

თ. ბ-მ შემთხვევის ადგილზე გამოიძახა პოლიცია, თუმცა, ჯგუფმა ინცინდენტის ადგილი მაშინვე დატოვა. პოლიციამ თვითმხილველი მოწმეები და დაზარალებული შავკანიანი პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, თუმცა, თვითმხილველი მოწმეები არ დაკითხა და არც გამოძიება დაიწყო საქმეზე.

 

მეტიც, აცხადებს EMC, ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილებაში გადაყვანილი თ. ბ. და მისი მეგობრის თანდასწრებით, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა შავკანიან ადამიანებს და რასისტული ენა გამოიყენა. მოწმეებს კი მიუთითა, რომ მათ ცრუ დასმენისთვის პრობლემები შეექმნებოდათ. 

 

EMC აცხადებს, რომ თ. ბ. და კიდევ ერთი მოწმე EMC-ის ადვოკატის მონაწილეობით დაიკითხნენ მას შემდეგ დაიკითხნენ, რაც ამ ამბით მედია დაინტერესდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის (ცემა) საფუძველზე მიმდინარეობს.

 

მოწმეებმა მიუთითეს, რომ რუსთაველის გამზირზე მათ თვალწინ მომხდარი ინცინდენტი ასახული იყო Facebook-ის მეშვეობით Georgian Ultras მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რაც მიუთითებდა მომხდარი დანაშაულის სავარაუდო რასობრივი სიძულვილის მოტივზე, გამოძიებამ ქმედების კვალიფიკაციის დროს ეს გარემოება არ გაითვალისწინა, ხოლო მოწმეებს არ მიეცათ შესაძლებლობა დაკითხვის ოქმში პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს შსს-ის ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტები დაეფიქსირებინა, აცხადებს EMC.

 

EMC-იმ წერილობით მიმართა შსს-ს მოთხოვნით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება რასისტული დისკრიმინაციის მუხლით გაგრძელდეს, რასისტულ ჯგუფ „ბერგმანის“ ძალადობრივი საქმიანობის დროული პრევენცია მოხდეს და მის მიერ ჩადენილი ყველა სამართალდარღვევის ფაქტზე ეფექტური და დროული გამოძიება უზრუნველყონ.

 

EMC ასევე მოითხოვს, რომ შსს-ის გენერალურმა ინსპექციამ მიერ ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლის მიერ მოწმეების თ. ბ. და ა. კ-ის მიმართ არასათანდო მოპყრობისა და შავკანიანი პირების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები შეისწავლოს და სამინისტროს თანამშრომლისთვის ადეკავტური  პასუხისმგებლობა დააკისროს.

 

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება “არა ფობიას!”. მათი განცხადებით, ქსენოფობია და რასიზმი, განსაკუთრებით, მათი ექსტრემისტული გამოვლინებები, საფრთხეს უქმნის თითოეულ ადამიანს, განსხვავებული ჯგუფების მშვიდობიან თანაარსებობასა და ქვეყნის პოზიტიურ აღქმას საერთაშორისო ასპარეზზე.

 

ორგანიზაციები ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ეფექტურ რეაგირებას ანიჭებენ.

 

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ზემოთხსენებული ჯგუფისგან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, არსებითია, შსს-მ განახორციელოს ყველა გონივრული ღონისძიება ჯგუფის დროული იდენტიფიცირებისა და მომავალში ძალადობის პრევენციის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი