ახალი ამბები

“მაესტრომ” გაკოტრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

22 სექტემბერი, 2015 • • 917
“მაესტრომ” გაკოტრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

 ტელეკომპანია იმედმა გუშინ გიორგი გაჩეჩილაძეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მაესტროს დირექტორმა ბაია გადაბაძემ საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადება მოითხოვა.


გია გაჩეჩილაძის ცნობით, 4 სექტემბერს მაესტროს პარტნიორთა კრებაზე მაკა ასათიანმა მისგან აღებული კრედიტების დაფარვა მოითხოვა. ამის შემდეგ კი პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება კომპანიის გაკოტრების შესახებ. იმედის ინფორმაციით, გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ მაესტროს მიზანმიმართულ გაკოტრების მცდელობას აქვს ადგილი შემდგომში მისი აუქციონზე გაყიდვის მიზნით. 


“ვერაფრით დავუშვებ, რომ უცხოების ხელში აღმოჩნდეს ტელევიზია”, – აცხადებს გაჩეჩილაძე.


მის ამ განცხადებას დღეს მაკა ასათიანმა უპასუხა:


“ჩემთვის და ასევე კომპანიის ყველა პარტნიორისათვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი მიმართვა არ წარმოადგენდა კომპანიის დირექტორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ ეს გახლდათ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი აუცილებელი ვალდებულება, რომლის დარღვევა იწვევდა სისხლის სამართლის პასუaხისმგებლობას.


ამდენად, შპს „სტუდია მაესტროს“ ერთ-ერთი პარტნიორის განცხადება მოულოდნელობაზე ან/და ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე არის გაუგებარი, მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი. სამწუხაროა ისიც, რომ ეს განცხადება შპს „სტუდია მაესტროს“ პარტნიორმა გააკეთა კონკურენტი ტელეკომპანიების ეთერის საშუალებით.


ასევე ძალზე პოპულისტურია ამავე პარტნიორის განცხადება რეაბილიტაციის გეგმის თაობაზე, რადგან, სამწუხაროდ, მას სინამდვილეში არ შემოუთავაზებია პარტნიორებისა და მენეჯმენტისათვის რაიმე კონკრეტული და რეალისტური გეგმა. ვაფასებთ თითოეული პარტნიორის წვლილს ტელემაესტროს განვითარებაში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არავის აძლევს უფლებას მოხდეს კანონის და სამართლებრივი პროცედურების იგნორირება.


რაც შეეხება „ტელემაესტროს“ მიმდინარე საქმიანობას და მომავალს, მე, როგორც მაესტროს ერთ-ერთი პარტნიორი, პირობას ვდებ საზოგადოების და ტელემაესტროს კოლექტივის წინაშე, რომ კანონის სრული დაცვით გავაკეთებ ყველაფერს, რათა ამ სამართლებრივმა პროცესებმა ხელი არ შეუშალოს ტელევიზიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას და შემდგომ განვითარებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ტელემაესტროს“ არც მიმდინარე და არც სამომავლო ფუნქციონირებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს ძალზე ჩვეულებრივი, აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა და ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისაგან”, – ნათქვამია მაესტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი