ახალი ამბები

იტალიის ელჩი: საგამოფენო სტენდიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ბანერი მოიხსნა

21 სექტემბერი, 2015 • • 1037
იტალიის ელჩი: საგამოფენო სტენდიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ბანერი მოიხსნა

„ზოგიერთ აფხაზურ მედიაში გავრცელდა საფუძველს მოკლებული ცნობები და განცხადებები, რომელთა თანახმად, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელი შეუწყო ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტს ქ. ბარის გამოფენა „ფიერა დელ ლევანტეზე“.

 

საჭიროდ მიმაჩნია ხაზი გავუსვა, რომ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით არანაირი თანამშრომლობა არ გაუწევია. პირიქით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევით „ფიერა დელ ლევანტეს“ საგამოფენო სტენდიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ბანერი მოიხსნა. როგორც კარგად არის ცნობილი, ამ მცნებასა და სახელწოდებას ჩვენი მთავრობა არ აღიარებს, პირიქით, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირის ფართო ჩარჩოებში და გაერთიანებული ერების პოზიციის შესაბამისად გატარებულ არაღიარების პოლიტიკას“. 

იტალია ხელს უწყობს საქართველოს ჩართულობის პოლიტიკას და მის ფარგლებში აფხაზეთის რეგიონთან კონსტრუქციულ დიალოგს, აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სახის შეუსაბამო ქმედებას შეუძლია ამ ძალისხმევას ზიანი მიაყენოს.

 
ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატასა და იტალიურ ქალაქ მატერას სავაჭრო პალატას შორის შესაძლო ხელმოწერილი შეთანხმებები ძალის არმქონეა. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ (რომელსაც – საპირისპიროს მტკიცების მიუხედავად, – ამ შემთხვევაშიც არანაირი როლი არ შეუსრულებია) აღნიშნულის თაობაზე შეატყობინა „Unioncamere“-ს, ორგანიზაციას, რომლიც ყველა იტალიურ სავაჭრო პალატას აერთიანებს. დაბოლოს, ასევე მსურს აღვნიშნო, რომ არ არსებობს არანაირი შეთანხმება ხელმოწერილი იტალიის რეწვისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ეროვნულ კონფედერაციასთან“ – აღნიშნულია ელჩის, ანტონიო ბარტოლის კომენტარში, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი