ახალი ამბები

უგულავას 24-საათიანი თავისუფლება დასრულდა – სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო

18 სექტემბერი, 2015 • • 2940
უგულავას 24-საათიანი თავისუფლება დასრულდა – სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო

უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში. კერძოდ, უგულავას ბრალი წარდგენილი აქვს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის თაობაზე სისხლის სამართლის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 12 წლამდე; და მითვისება-გაფლანგვის თაობაზე 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, 4-დან 7 წლამდე და 7-დან 11 წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე.


რიყის ეპიზოდზე სასამართლომ გაამართლა გიგი უგულავა, ისევე როგორც დავით კეზერაშვილი, ხოლო თბილსერვისის საქმეზე, ამნისტიის გათვალისწინებით, უგულავას მიესაჯა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გამოძიების ცნობით, 2008 წლის მდგომარეობით, შპს „ტელეიმედის“ საკონტროლო წილის მფლობელი იყო ჯოზეფ კეი, რომელსაც იმ დროისათვის ტელეკომპანიის ფუნქციონირებისათვის დახარჯული ჰქონდა 10 მლნ აშშ დოლარი:

“ხელისუფლების სახელით ჯოზეფ კეის შეხვდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი  და პირდაპირი მუქარით დაიყოლია ტელეიმედის დათმობაზე ერთადერთი პირობით, რომ მას გიორგი უგულავა აუნაზღაურებდა მის მიერ გაწეული 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ხარჯებს.

გიორგი უგულავას მითითებით ჯოზეფ კეიმ თავისი წილი გადასცა დავით კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ  პანამაში რეგისტრირებულ კომპანია „bordex limited“-ს, ხოლო თანხის გადახდა  განხორციელდა შემდეგი გეგმით: გიორგი უგულავა მოელაპარაკა შპს „ახალი რიყის“ მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 000 000 აშშ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 000 000 აშშ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 000 000 აშშ დოლარი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ კეისათვის გადასაცემათ. ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს  ქ.თბილისის მთავრობის სახელით გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული „ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდიდან“ რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით  შპს „ახალ რიყეს“ გადაერიცხა 17 000 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ შპს „ახალი რიყის” ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ კეის კომპანიას „lakebrow limited”-ს  შორის გაფორმდა ფიქციური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ახალი რიყის“ საბანკო ანგარიშიდან ჯოზეფ კეის კომპანიას ჩაერიცხა 8 811 189 აშშ დოლარი, ანუ ტელეკომპანია “იმედი“ მისაკუთრებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით,” – ნათქვამია საბრალდებო საქმის მასალებში.


ამ ეპიზოდში უგულავა და კეზერაშვილი დღეს სასამართლომ გაამართლა.

მეორე ეპიზოდი ეხება საბიუჯეტო თანხების გამოყენებით პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორი, გამოძიების ცნობით, ასევე გიორგი უგულავა იყო:

“კერძოდ, მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს შპს „თბილსერვის ჯგუფში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება“, სადაც ფიქტიურად გაფორმდა 764 აქტივისტი – ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას,  თუმცა დედაქალაქის  ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით  4 130 728  ლარი დაერიცხათ,” – ნათქვამია საქმის მასალებში.


ამ ეპიზოდში სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის გათვალისწინებით ეს სასჯელი განახევრდა.

გიგი უგულავას ამ საქმეზე ბრალი 2013 წლის 22 თებერვალს წარუდგინეს და სასამართლომ განაჩენი დღეს, 2015 წლის 18 სექტემბერს გამოიტანა. ეს არ არის ერთადერთი საქმე, რისთვისაც უგულავას ბრალი აქვს წარდგენილი.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 2014 წლის 3 ივლისს დააკავეს აეროპორტში, როდესაც კიევში უნდა გამგზავრებულიყო. უგულავა წინასწარ პატიმრობაში თითქმის 15 თვე იმყოფებოდა და იგი 17 სექტემბერს, 23:00 საათზე, საქალაქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლა.

“ჩვენ ბეჭებზე დავდეთ ივანიშვილი და მისი უმეცარი ხელისუფლება, ეს ორი დღე, რასაც ისინი აკეთებენ, პრაქტიკულად მთელ საქართველოს დაუდასტურეს, რომ მათ არ ანაღვლებთ ლარის კურსი, უმუშევრობა, არ ანაღვლებთ არაფერი დედამიწის ზურგზე, გარდა იმისა, რომ თავისი პოლიტიკური ოპონენტები ჰყავდეთ ციხეში… 2016 წელი არის მაქსიმალური ვადა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის და 2016 წელს მას მშვიდობიანი გზით, საარჩევნო გზით ჩამოვაშორებთ ამ ქვეყანას”, – განაცხადა გიგი უგულავამ დღეს, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა განაჩენი.

გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18.09.2015, ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი
გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18.09.2015, ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი