კომენტარი

დავით ჯანდიერი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე

17 სექტემბერი, 2015 • 1822
დავით ჯანდიერი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე

 მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისათვის ჯერჯერობით მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილია ცნობილი, გადაწყვეტილების აღსრულებთან დაკავშირებით იურისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ამის მიზეზი ის არაორდინარული (რაშიც არ იგულისხმება უკანონო) სიტუაციაა, რომელიც მოცემული გადაწყვეტილებით შეიქმნა. რამდენიმე მოსაზრება საკონსტიტუციო სასამართლოს მოცემეული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით:

 

1. საქართველოში არ მოქმედებს კონკრეტიული კონსტიტუციური კონტროლი (მარტივად წარმოდგენისთვის, უზენაესი სასამართლოს განჩინებას/გადაწყვეტილებას პირი ვერ გაასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში, ისევე როგორც ეს არის, მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში, თურქეთში.);

 

2. საქართველოში მოქმედებს აბსტრაქტული კონსტიტუციური კონტროლი (მაგ. სახალხო დამცველს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა);

 

3. ამასთან, ცალკეულ პირს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მასობრივი მიმართვა (actio popularis), მან უნდა დაასაბუთოს, რომ მის შემთხვევაში ინდვიდუალურად დარღვეულია ან შესაძლებელია დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებები ან თავისუფლებები;

 

4. მოცემულ შემთვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე იმსჯელა, მიიღო რა საოქმო ჩანაწერი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული მდგომარეობით შესაძლოა ირღვეოდეს მისი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები;

 

5. მოგვიანებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში;

 

6. მოქმედი კანონმდებლობით, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებას აქვს შემდეგი ძირითადი იურიდიული შედეგები :

 

ა) კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;

 

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით;

 

გ) არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი;

 

დ) საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

 

ე) “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, “კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით”. (აქ საუბარია საერთო სასამართლოების შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე, ანუ იმ საქმეებზე, რომელთა განხილვა უკვე დასრულებულია).

 

7. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ ახორციელებს კონკრეტულ კონსტიტუციურ კონტროლს, მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 

ა)კონსტიტუციური სარჩელის დასაჩვებობისას საოქმო ჩანაწერით შეფასდა რა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა გასაჩივრებულ ნორმასთან მიმართებაში და ბ)იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომელიც ასახავს/უკავშირდება საკონსტიტუციო სარჩელის ავტორის მდგომარეობას :

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოცემულ შემთხვევაში არ მოითხოვს სხვა ორგანოს, მათ შორის საერთო სასამართლოების მხრიდან რაიმე ჩარევას იმის შესაფასებლად, მიესადაგება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კონსტიტუციური საჩივრის ავტორის მდგომარეობას. ყველა სხვა პირის, სხვა პატიმრის სიტუაცია უნდა იქნას განხილული იმ ფაქტობრივ მდგომარეობასთან კავშირში, რომელიც საკონსტიტუციო საჩივრის ავტორის მდგომარეობის მსგავსია პატიმრობის წინასწარ ვადასთან დაკავშირებით და ასეთის არსებობის შემთხვევაში – გათავისუფლებული.(საერთო სასამართლოს ჩარევა იქნებოდა, მაგალითად, საჭირო, თუკი საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის მიხედვით, პარლამენტი შეიტანდა ცვლილებას სისხლის სამართლის საპროცესო კანონში და ამით გაუმჯობესდება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მდგომარეობა.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რა უნდა ჩაითვალოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის და ნორმატიული აქტის იურიდიული ძალის დაკარგვის მომენტად, ანუ რა მომენტიდან უნდა აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გდაწყვეტილება :

 

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან და 15 დღეში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონი, მუხლი 33.1), საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 89. 2. მუხლის მიხედვით, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. ამდენად, თუკი კანონის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით, გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტად ჩაითვლება მისი საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე განთავსება (და არა მისი სხდომაზე გამოცხადება), საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად ცნობილი ნორმატიული აქტი იურიდულ ძალას მხოლოდ ამ მომენტიდან დაკარგავს, რაც, ბუნებრივია, პრობლემურია ადამაინის უფლებათა დაცვის პერსპექტივიდან გამომდინარე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილებით უმჯობესდება პირის სამართლებრივი მდგომარეობა.

დავით ჯანდიერი
დავით ჯანდიერი

მასალების გადაბეჭდვის წესი