ახალი ამბები

საია პროკურატურას ვაჩიბერაძის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

16 სექტემბერი, 2015 • • 950
საია პროკურატურას ვაჩიბერაძის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

”ვინაიდან საქმე შეეხება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, რაც გავლენას ახდენს ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხზე, აღნიშნული საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და მისი გამოძიება უნდა განხორციელდეს პრიორიტეტულად, სწრაფი და ეფექტური გამოძიების სტანდარტების დაცვით,” – ნათქვამია განცხადებაში. 

 

საიას შეფასებით, ირაკლი ვაჩიბერაძის მიერ აღწერილი გარემოებებიდან ჩანს, რომ კობა ცერცვაძემ იძულებით გაიყვანა ჟურნალისტი და არ მისცა საშუალება კითხვები დაესვა პრემიერ-მინისტრისთვის; რაც შესაძლოა შეიცავდეს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაულის ნიშნებს.

 
საია აცხადებს, რომ ორგანიზაცია ყურადღებით მიადევნებს თვალს ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებასთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას და შეაფასებს აღნიშნული რეაგირების ეფექტურობას. 

 

არასამთავრობო ორგანიზაია ასევე, ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და „თავისუფალი ზონის” წევრის დაკავების ფაქტს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შენობის აივანზე დროებით დამაგრებული ბანერი შესაძლოა უფრო მეტი გამომხატველობითი ეფექტის მატარებელი აღმოჩნდეს. შენობის ფასადზე ბანერი გამოფენილი უნდა ყოფილიყო იმ დროით, რაც აუცილებელია პროტესტის ადრესატისათვის მესიჯის მისაწოდებლად

 

”ხელისუფლებას ბანერის შენობის ფასადზე განთავსების ფაქტთან დაკავშირებით თმენის ვალდებულება უნდა გამოემჟღავნებინა იმ დრომდე, ვიდრე ბანერზე გამოხატული გზავნილი მიაღწევდა პრემიერ-მინისტრამდე. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი დატოვებდა ქალაქ ოზურგეთს, მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდათ სამართალდამცავებს ბანერის შენობის ფასადიდან გატანის მოთხოვნა,” – ნათქვამია განცხადებაში. 

 

საია მოუწოდებს სამართალდამცველებს, გაითვალისწინონ ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტები. 

 

15 სექტემბერს ტელეკომპანია “მაესტროს” რეპორტიორის, ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებით, მის მიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დასმული შეკითხვის გამო შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა ცერცვაძემ “გვერდზე გაიყვანა” და ახსნა-განმარტებები მოსთხოვა.

 

ამავე დღეს ოზურგეთში 3 პირი დააკავეს ბანერის ”მატყუარა მთავრობა” უკანონოდ დამაგრების ბრალდებით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი