ახალი ამბები

თბილისის გენგეგმას „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და სხვების კონსორციუმი შეასრულებს

16 სექტემბერი, 2015 • • 1508
თბილისის გენგეგმას „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და სხვების კონსორციუმი შეასრულებს

მერიის განცხადებით, „თბილისი ჯგუფის“, „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“, „Albert Speer & Partner GmbH“-თან (AS&P), ნიკოლოზ ჭეიშვილსა და მამუკა სალუქვაძესთან მერია ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის საფუძველზეც არაუგვიანეს 18 თვეში კომპანიამ სრულყოფილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა წარმოადგინოს.

 

„თბილისი ჯგუფის“, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“, „Albert Speer & Partner GmbH“-ის (AS&P), ნიკოლოზ ჭეიშვილისა და მამუკა სალუქვაძის პრიოექტში საუბარია იმის შესახებ, რომ თბილისში არ უნდა იყოს ტრანზიტული მოძრაობა. ავტორები მიიჩნევენ, რომ თბილისის განაშენიანება უნდა შებრუნდეს მდინარისკენ და მოსახლეობამ ქალაქის ეს ნაწილი უნდა აითვისოს საფეხმავლო ბილიკებისა და რეკრეაციული ზონების სახით.

 

ავტორების აზრით, თბილისი უნდა იყოს კომპაქტური, რესურსის დამზოგავი და ჭკვიანი ქალაქი. ასევე, მრავალკულტურული, ფეხმავალთა და ველოსპედისტთა ქალაქი.

 მათი თქმით, თბილისი უნდა გახდეს პოლიცენტრული დასახლება, რის შედეგადაც განიტვირთება ცენტრში ავტომობილების მოძრაობისგან. პოლიცენტრულობა თბილისში გააჩენს ახალი მიზიდულობის ცენტრებს, რაც ქალაქის განვითარებას ხელს შეუწყობს.

 

ავტორები ამბობენ, რომ  დაცული უნდა იყოს თბილისის კულტურული მემკვიდრეობა. შემოვლითი რკინიგზა უნდა განხორციელდეს და ნავთლუღსა და დიდუბეში გაჩნდეს ჩიხური სადგურები.

 

პროექტის მიხედვით, სანაპიროზე, გმირთა მოედნიდან ბარათაშვილის ხიდამდე უნდა მოეწყოს გამწვანებული სარეკრეაციო ტერიტორია, სადაც სანაპიროზე, გალაქტიონის ხიდიდან ბროსეს ქუჩის მიმდებარე მოედნამდე ავტოტრანსპორტი გვირაბში იმოძრავებს.

 

ვახუშტის ქუჩის გაგრძელებით დამყარდება განივი კავშირი ქალაქის ორივე ნაწილს შორის, ხოლო რკინიგზის გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე დაგეგმილ ქუჩასა და გმირთა მოედანს შორის განივი კავშირის დამყარება ახალ ლოკალურ ცენტრს გააჩენს, ამბობენ ავტორები.

 

პირველ ადგილას გასული კომპანიის გარდა, მერიის საკონკურსო კომისიამ კიდევ ორი გამარჯვებული გამოავლინა.

 

მეორე ადგილი – შპს „არტსტუდიო პროექტის“, „Metrogramma Mobility in Chain“-ის, „Aecom“-ისა და გიორგი სულაბერიძის ერთობლივმა ნამუშევარმა დაიკავა.

 

მესამე ადგილზე შპს „გეოგრაფიკის“, „KCAP“-ის, „Burohappold Engineering“-ის, „Studio 21“-ის და გიორგი გოცირიძის ერთობლივი პროექტი გავიდა.

 

მერიის ცნობით, წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) შესყიდვის ღირებულება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით  I ადგილისათვის – 50 000 ლარს, II ადგილისათვის – 30 000 ლარს, ხოლო III ადგილისათვის – 20 000 ლარს შეადგენს.

 

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებული კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადდა და საკონკურსო წინადადებების მიღება პირველ აგვისტოს დასრულდა. მერიაში შევიდა 11 განაცხადი, რომელთაგან მეორე ტურში გადასვლა ექვსმა კონკურსანტმა შეძლო. საბოლოოდ, საკონკურსო კომისიამ ექვსივე პრეზენტაციის განხილვის შედეგად 3 გამარჯვებული გამოავლინა.

 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ცნობით, მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზის ჩატარების შემდეგ შეიქმნა გადაუდებელი აუცილებლობა მომხდარიყო ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება-განახლება.

 

გენგეგმის შემუშავება-განახლების პროცესში ჩართულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და 20 ქალაქის, მათ შორის, ლიონის, ნიუ ორლეანის და რიჰარდის გენერალური გეგმების შემუშავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამასთან, ამ დროისთვის PWC ბერლინის ქალაქგეგმარების პროექტზე მუშაობს.

 

მერიის ცნობით, აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს 400 000 ამერიკულ დოლარს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი