ხელოვნება

როგორ მოხვდნენ ქართველი პოლიტიკოსები მის პლანეტის ჟიურიში

15 სექტემბერი, 2015 • • 1896
როგორ მოხვდნენ ქართველი პოლიტიკოსები მის პლანეტის ჟიურიში

”ზოგადად, ეს ქვეყნის პრესტიჟია და ფინალში მასპინძელი ქვეყანა ყოველთვის ამატებს იმ ქვეყნის პოლიტიკოსს, მოდის კრიტიკოსს, ჟურნალისტს, რომელშიც კორკურსი იმართება. ამიტომ მეც გადავწყვიტე, რომ თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე და პარლამენტში იმავე პოზიციაზე მყოფი ეკა ბესელია ყოფილიყვნენ ჟიურიში. ინტეგრაციის იდეა იყო აქ ჩემთვის მნიშვნელოვანი,” – განაცხადა ეკა მგალობლიშვილმა, კონკურსის ორგანიზატორმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

ეკა მგალობლიშვილი სამოდელო სააგენტო “კატრინის” ხელმძღვანელია, რომელიც სხვადასხვა სახის სილამაზის კონკურსებს უწევს პერიოდულად ორგანიზებას. მაგალითად, ორი წლის საბავშო სილამაზის კონკურსში, სადაც სწორედ მგალობლიშვილის სააგენტო მონაწილეობდა, მის ევრაზიის ტიტული ეკა ბესელიას შვილმა მოიპოვა.

 

12 სექტემბერს თბილისში ”მის პლანეტა 2015” გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც 18 წლის ქართველი მოდელი თიკა ბაბლუანი გახდა.

 

კონკურსი ”მის პლანეტა” 2014 წელს ბულგარეთში ირინა პაპაზოვას ინიციატივით შეიქმნა და მისი თბილისში ჩატარების უფლება წელს ეკა მგალობლიშვილმა მოიპოვა, რომელიც ამჟამად კონკურსის ეროვნული დირექტორია. საღამოს ორგანიზება მისმა სამოდელო სააგენტომ, ”კატრინმა” გაუწია.

 

ამ დროისათვის მსოფლიო სილამაზის კონკურსების სიაში ”მის პლანეტის” სახელით დარეგისტირებული 2 სხვადასხვა კონკურსია. პირველი მათგანი 2013 წლიდან არსებობს და საფრანგეთში იმართება, ხოლო მეორე თბილისში ჩატარდა.

 

როგორც კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, მსოფლიო მასშტაბით აღიარებული სწორედ მათი კონკურსია და ამიტომ კონკურსის განსასჯელად თბილისში საერთაშორისო ჟიური ჩამოვიდა. რაც შეეხება ფრანგულ ”მის პლანეტას”, მასში მონაწილეობას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა იღებს. კონკურსის ბულგარეთის ოფისში ასევე ადასტურებენ ამ ინფორმაციას.

 

”მე მგონი, მათ საფრანგეთში ჩატარების ლიცენზიაც კი არ აქვთ. ინტერნეტში შეიძლება გახსნა გვერდი და თქვა, რომ შენი კონკურსია რეალური, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ მიერ ორგანიზებულ ”მის პლანეტას” აქვს ლიცენზია, რომ ჰყავდეს კონკურსანტები ყველა ქვეყნიდან,” – აცხადებს ირინა პაპაზოვა.  

კონკურსში მონაწილეობას მოდელები 20 ქვეყნიდან იღებდნენ. გამარჯვებულს ოქროს გვირგვინი და სპონსპორების მიერ დაწესებული პრიზები გადაეცა.

თიკა ბაბლუანი, ფოტოს წყარო: თიკა ბაბლუანის ფეისბუკის გვერდი
თიკა ბაბლუანი, ფოტოს წყარო: თიკა ბაბლუანის ფეისბუკის გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი