სამართალი

დაკავებულია კანონიერი ქურდის ოთხი ახლობელი

15 სექტემბერი, 2015 • 2072
დაკავებულია კანონიერი ქურდის ოთხი ახლობელი

 

ლავასოღლის დეიდაშვილის სასამართლო პროცესის დაწყების წინ
ლავასოღლის დეიდაშვილის სასამართლო პროცესის დაწყების წინ

შს სამინისტროს ცნობით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რომან კეკიაშვილი 9 სექტემბერს ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 აბი, აბის ნატეხი და ფხვიერი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,024 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. რომან კეკიაშვილი მინდია გორაძის [„ლავას-ოღლის“] დეიდაშვილია.

 

ბრალდებული სასამართლო დარბაზში 10-მა პოლიციელმა შემოიყვანა. „არ დამღუპო“, – უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა. კეკიაშვილმა მოსამართლეს განუმარტა, რომ ჰყავს ცოლი და მუშაობს, პოლიციელებმა კი მას ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს: „შენ ხარ ლავასოღლის დეიდაშვილი, ეს წამალი შენ გეკუთვნისო, მითხრეს და მუშტები მირტყეს თავში, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“.

 

ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა მოწმეზე, რომელიც კეკიაშვილის მეგობარია და დაკავების პროცესს ესწრებოდა. ადვოკატის თქმით, მოწმეს პოლიციაში ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ მოაწერინეს ხელი ჩვენებაზე, რომელსაც არ ეთანხმება. ადვოკატმა მოწმის გამოკითხვის ოქმი მოსამართლეს გასაცნობად გადასცა და განმარტა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თხოვნით აპირებს მიმართოს პროკურატურას.  

 

ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ თქვა, რომ საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდების არსებობას: „ვერავინ იტყვის, რომ ეს ადამიანი კრიმინალია. მას აქვს ბიზნესი და არჩენს ოჯახს. მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, ვერ გახდება მისი პატიმრობის საფუძველი. 23 აგვისტოს მას ჩაუტარეს ნარკოლოგიურში შემოწმება და არ აღმოაჩნდა მოხმარება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რესოციალიზაცია მოვახდინეთ პირობითი მსჯავრის დროს [ბრალდებული ადრე ნასამართლევია სსკ 273-ე მუხლით და ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზეა გათავისუფლებული-ავტ.]. ლავასოღლის დეიდაშვილობა – აი ესაა დანაშაული. პროკურატურა მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულებამ უნდა იარსებოს ამ დამახინჯებული ქმედებებით, რასაც ჰქვია ჩადება“.

 

დაცვის მხარე კეკიაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას 40 ათასი ლარის სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებს.

„ბრალდების მხარე აპელირებს იმაზე, რომ ჩვენ შესაძლოა ზემოქმედება მოვახდინოთ მოწმეებზე. ეს არის აბსურდი – სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში არიან პოლიციელები: სულხან ზოიძე, ლევან სტამბოლიშვილი, ირაკლი გოგიტიძე, გურამ ირემაძე, ოლეგ გოგიტიძე. როგორ წარმოგიდგენიათ ბატონო მოსამართლევ, ჩვენ პოლიციელებზე მოვახდენთ ზეწოლას?“ – განაცხადა ადვოკატმა.

 

გასულ კვირას პოლიციამ „ლავასოღლის“ კიდევ ორი ახლობელი დააკავა – ერთ-ერთი მისი სიძე – ბადრი ირემაძეა, ხოლო მეორე მეგობარი – მინდია წითელაძე.

 

გასულ კვირას ასევე მოსამართლე დავით მამისეიშვილისა და ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მონაწილეობით დაიწყო ბრალდებულ გიორგი ჩოხაროღლის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. 28 წლის გიორგი ივლისში დააკავეს ბათუმში, თამარის გზატკეცილთან, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით. გიორგი ჩოხაროღლიც „ლავასოღლის“ მეგობარია. ის პატიმრობიდან გირაოს – 40 ათასი ლარის საფუძველზეა გათავისუფლებული.

 

გიორგი ჩოხაროღლიმ მოსამართლეს უთხრა, რომ დაკავების დროს „გადმოათრიეს~ მანქანიდან: „მათრიეს, მცემეს, შეურაცხყოფა მომაყენეს, ჯიბეში წამალი ჩამიდეს. მთავარ სამმართველოში მოვითხოვე წყალი და დამალევინეს. დამეწყო თავბრუხვევა, წამიყვანეს ნარკოლოგიურში, დამიდგინდა მოხმარება. კაპეზეში ცუდად ვიყავი, გამოიძახეს სასწრაფო, იქ არავის ვუცემივარ. თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ“.

 

საქმის განხილვა 29 ოქტომბრამდე მოსამართლის ინიციატივით გადაიდო. ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „ბათუმელებთან“ თქვა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გენერალურ ინსპექციას და მთავარ პროკურორს მიმართა. მისივე ინფორმაციით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის სავარაუდო წამებისა და არაადამიანურად მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო: „წერილობითი უარი უკვე მივიღეთ“.

 

არაოფიციალური ინფორმაციით, მინდია გორაძე მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან გააძევეს, თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის, როგორც კანონიერი ქურდი, ტელეფონის საშუალებით არჩევს საქმეებს აჭარაში. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, მინდია გორაძე ზოგიერთ ბიზნესმენს მის ანგარიშზე თანხის გადარიცხვას აიძულებს. თუმცა, ჯერჯერობით მსგავსი ინფორმაცია სამართალდამცავებს არ დაუდასტურებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი