კომენტარი

თბილისის სატრანსპორტო ისტერია

15 სექტემბერი, 2015 • • 2004
თბილისის სატრანსპორტო ისტერია

2009 წელი. სტამბოლში ვარ, დიდი უცხოური ბენდის კონცერტზე პირველად მივდივარ – ეს ჩემთვის უკვე საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ ეიფორიაში ჩავარდნილს ნებისმიერი ქალაქი საუკეთესოდ მომეჩვენოს. ყველაფერს ვუყურებ, ვაკვირდები. ვაკვირდები ქუჩებს, სახლებს, ადამიანებს, მათ მანერებს, მიხვრა-მოხვრას, ენას. დილის 6 საათზე ქუჩებში უზარმაზარი მანქანა დადის, ჰაერში სპეციალურ სურნელოვან სითხეს ბუშტუკებად ასხამს, რომ ქალაქში სასიამოვნო სისუფთავის სუნი იდგეს. ვაკვირდები ამ სუნს და ეს სისუფთავე მამშვიდებს.


შემდეგ მეგობართან ერთად ჩავდივარ მეტროში. ბაქანზე უამრავი ხალხია, კარი იღება და ველოდები, როდის მიაწყდება შემსვლელ-გამომსვლელთა ნაკადი ერთმანეთს, ისე, როგორც თბილისშია. არავინ არავის ასკდება, გამომსვლელები ერთი კარიდან გადიან, შემსვლელები მეორეთი შევდივართ. ვაგონი დაიძრა და ჩემს მეგობარს ბოლო ხმაზე, აი, ისეთ ხმაზე, კისრის ძარღვები რომ გეჭიმება, საუბარს ვუწყებ. რამდენიმე სიტყვის შემდეგ ვხვდები, რომ არაადეკვატურად ვიქცევი. რატომ ვყვირი? ვაგონში ყველა მე მიყურებს. რა მაყვირებს?  


ვისაც თბილისის მეტროთი ერთხელ მაინც უმგზავრია, რა თქმა უნდა, მიხვდება, რატომ დავჭიმე კისრის ძარღვები. საუკუნის წინანდელი ჩვენი მეტროს ვაგონები ისეთ ხმაზე, ისე ისტერიული კივილით დადიან, რომ საუკეთესო ყურსასმენებთაც კი შეუძლებელია, მაგალითად, მეტროში მუსიკის სმენისას რელსების ხმა გადაფარო. მეგობართან საუბარზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ასეთ ტრანსპორტს მიჩვეულები, მგზავრობისას ყველანი ვკივით, ისტერიულად. ხოლო სტამბოლის მეტროში ვაგონი ისე გადაადგილდა სადგურიდან – სადგურამდე, რომ მის ბოლოში მდგომი ადამიანების ჩურჩულსაც კი გაიგონებდით. რაღა გასაკვირია, რომ ამ სიმშვიდეში ჩემმა ყვირილმა მეც კი შემაწუხა.


შემდეგ გზას ტრამვაით ვაგრძელებ. არანაირი სუნი და ყროლი, ყველანაირი სტერეოტიპი “სუნიანი თურქების” შესახებ, რაც საქართველოში შეგვიქმნეს, იმსხვრევა, სასაცილოდ და სამარცხვინოდ. მრცხვენია, რომ თბილისის ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანები ხშირად ამ ქალაქის, სტამბოლის მკვიდრთ სუნიანებს უწოდებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნებისმიერ სახეობაში – მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი, ტაქსი – შესაშური სიმშვიდე და სისუფთავეა. ქალაქიდან-ქალაქში, უბნიდან-უბანში, ქუჩიდან-ქუჩაზე ისე დასრიალებ, რომ ოდნავი დისკომფორტიც კი არ გექმნება. თბილისიდან გამოყოლილი ისტერიული, ნევროზული ტონი სადღაც ქრება და გგონია, დაფრინავ.


ეს იყო ჩემი პირველი შეხება ადამიანურ ტრანსპორტთან, როდესაც საკუთარი გამოცდილებით პირველად ხვდები, რა შეიძლება იყოს ქართული საზოგადოებრივი ნევროზის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი – დანჯღრეული, ჯართად ქცეული ტრანსპორტი, რომელიც თავადაც ისტერიულად კივის. ძნელია ამ ისტერიას არ აყვე. სხვანაირად შეუძლებელია, თუკი მუსიკის მოსმენა, წიგნის წაკითხვა, მეგობართან საუბარი ან თუნდაც შენთვის ჩაფიქრება გსურს. 


გუშინ თბილისის სკოლებში სწავლა დაიწყო. დასვენების სეზონი დასრულდა, ქალაქი კვლავ შეივსო ლამის ორი მილიონი ადამიანით და იმ წამსვე, ზუსტად ერთ დღეში მისი სრული პარალიზება მოხდა. ძალიან კარგი, ძალიან! გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რა-რა და ქართველებს ჭირის დღესავით გვძულს პრევენცია. გვირჩევნია თავი და ხელი, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ გავანძრიოთ, როდესაც პრობლემა პიკს მიაღწევს და სულს ამოგვხდის. ამიტომაც ძალიან კარგი, თუ ზუსტად ერთ დღეში მთელ ქალაქს სული გვძვრება. იქნებ ახლა მაინც ავდგეთ და დავიწყოთ სერიოზული საპროტესტო კამპანია იმისთვის, რომ ჩვენს ჩინოვნიკებს, რომლებიც, არ ვიცი რამდენად კომფორტულად გადაადგილდებიან ამავე ქალაქში, კატეგორიულად მოვთხოვოთ არაადეკვატურად გაბერილი ქალაქის დროზე ადრე დაჩუტვა, რომ ერთხელაც თავზე არ დაგვასკდეს. 


ფაქტია, რომ თბილისი, თითქმის ორმილიონიანი მოსახლეობით, ვიწრო ქუჩებითა და კერძო ტრანსპორტის, სამწუხაროდ, ყველაზე პოპულარული სახეობით – ავტომობილით, ამ დატვირთვას ვერ უძლებს. რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც უნდა შევცვალოთ, თუკი გვსურს, რომ ქალაქის სატრანსპორტო ისტერიკა ეტაპობრივად მშვიდ, ადამიანურ რელსებზე გადავიყვანოთ.


პირველ რიგში, გარდაუვალია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანების ტრანსპორტს უნდა დაემსგავსოს და არა ხარახურა ნივთების უპასუხისმგებლოდ გადამზიდავ ჯართის ნაგლეჯს – სხვას ვერაფერს ვუწოდებთ დღეს თბილისის ავტობუსებს. ავტოპარკის განახლების გარეშე ფიზიკურად წარმოუდგენელია აქ მშვიდად ცხოვრება. ასევე გარდაუვალია, რომ უნდა მოხდეს მეტროს ხაზების გაგრძელება და დამატება. ქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დღეს სწორედ იმ გარეუბნებში ცხოვრობს, რომლებსაც მეტრო ფაქტობრივად ვერ სწვდება. თბილისის მერია ასევე დიდად დაგვავალებს, თუ ორმილიონიან ქალაქში, რომელიც იმავდროულად ქვეყნის კულტურულ-გასართობი ცენტრია ღამის გართობის სხვადასხვა საშუალებებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შუაღამის საათებამდე იმუშავებს. ასევე გარდაუვალია, ყოველ შემთხვევაში, თუკი დეკლარირებულად მაინც გვაქვს პრეტენზია ცივილიზებული ქალაქის მკვიდრობაზე, უნდა მოხდეს ალტერნატიული, ეკოლოგიური და ეფექტური სატრანსპორტო საშუალებებისთვის – ველოსიპედებისა და მოპედებისთვის ბილიკებისა და სპეციალური ზონების მოწყობა. ველოსიპედი, რომელიც განვითარებულ ქალაქებში ტრანსპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, თბილისში ვერაფრით იქცევა მეინსტრიმად მანამ, სანამ მისი მართვა ამ მოძრაობის პირობებში ექსტრემალური სუიციდის ტოლფასია. 


საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, გადამწყვეტია ურჩი და პარაზიტი მძღოლებისთვის მართვის ჩამორთმევა: გახდეს რეგულარული ტექდათვალიერება სავალდებულო. რატომაც არა? რატომ უნდა აწუხებდეს ქალაქს თავისი ხმაურითა და მომაკვდინებელი გამონაბოლქვით ის, ვინც არც საკუთარ მანქანას უფრთხილდება, არც საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას? აგრეთვე, გაორმაგდეს, გასამმაგდეს, გნებავთ, გაოთხმაგდეს ჯარიმები! რატომაც არა? თუ იმის პრეტენზია გაქვს, რომ ავტომობილი ერთადერთი საშუალებაა, რომლით გადაადგილებასაც კადრულობ და ქალაქის პარალიზების ხარჯზე საკუთარი კომფორტის მოწყობა გსურს, ასევე, თუკი ავტომობილის შენახვის ფინანსური რესურსები გაქვს, კეთილი ინებეთ, ურჩო მძღოლებო, და იხადეთ ოთხჯერ მეტი ჯარიმა წესების დარღვევისთვის. ასე, გაოთხმაგებული ჯარიმებიდან შემოსული თანხა ისევ ქალაქის ტრანსპორტის განვითარებასაც მშვენივრად მოხმარდება. ასევე, ძალიან საინტერესოა, მაგალითად, საფრანგეთის (და ალბათ სხვა ქვეყნების) მიდგომა: დაწესდეს ქულების სისტემა მძღოლებისთვის: ურჩ მძღოლებს აკლდებოდეთ ქულები, ხოლო მინუსში გადასვლისას საერთოდ ჩამოერთვათ მანქანის მართვის უფლება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ უფლების მოპოვება ქალაქის ყველა მომდევნო ავტოპარაზიტისთვის ასე ადვილი არ უნდა იყოს.


რაც შეეხება კეთილსინდისიერ მძღოლებს, მოეწყოს მათთვის მიწისქვეშა თუ მიწისზედა სადგომები, აიკრძალოს პარკინგი ტროტუარებზე – ერთადერთ უმცირეს სივრცეზე, რომელიც ქვეითად მოსიარულეებს დაგვრჩენია. ასევე აიკრძალოს პარკინგი ვიწრო ქუჩებში. მოეწყოს ქალაქი ისე, რომ კომფორტული, ეფექტური და უსაფრთხო გადაადგილება შეძლონ ქვეითებმა.


და ა.შ. და ა.შ.


პარალიზებული და ისტერიკაში ჩავარდნილი ქალაქის განტვირთვის, მოწყობისა და დამშვიდების სწორ, ეფექტურ და ადეკვატურ გეგმებს კარგი ურბანისტები აქამდეც შეიმუშავებდნენ სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. თუმცა, უამრავი ტატყანის მიუხედავად, ეს ნება ჯერჯერობით არსად ჩანს. კონსპიროლოგიაში თუ არ ჩამომართმევთ, ჩემთვის ისიც ცხადზე-ცხადია, რომ ქალაქის განტვირთვა არაერთი მონსტრი ბიზნესის შემოსავლის კლებაზე აისახება – პირველ რიგში საწვავისა და ავტომობილების ბიზნესის შემოსავალზე. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს პოლიტიკური ნების არარსებობისა. ბოლოს და ბოლოს, უკვეთავს ის, ვინც იხდის. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა იქ, სადაც არსებობს ერთადერთი ნება – ელიტის ნება და, სამწუხაროდ, ასეა საქართველოში.


ასე რომ, რაღა დაგიმალოთ, პირადად მე ვფიქრობ, დედაქალაქი კიდევ დიდხანს იდგება სატრანსპორტო კატასტროფის უფსკრულის წინაშე მოყანყალე, სანამ ერთხელაც ამ უფსკრულში არ გადაეშვება და საპნის ბუშტივით არ გასკდება ეს რკინის ჯართის, მტვრისა და ბუღის გროვა, რომელსაც მოფერებით და იქნებ ირონიითაც, ჭადრების, მზისა და ვარდების ქალაქს ვუწოდებთ. იქამდე კი ვიაროთ უცხო ქვეყნის ადამიანურ, ადამიანებზე მორგებულ, ადამიანებზე მოფიქრალ ქალაქებში და ვიყვიროთ იქაურ ტრანსპორტშიც, ისე, როგორც თბილისში, ისტერიულად.


და მაინც… ხომ საინტერესოა, ვიცოდეთ, როგორ გადაადგილდებიან ამ ქალაქში ამავე ქალაქის ჩინოვნიკები, მაგალითად, რაზე ფიქრობს მერი – საცობში? რაზე ფიქრობდა, როდესაც, ოდესღაც მაინც, ამ ქალაქის მეტროთი, ავტობუსით ან ტროტუარით სარგებლობდა?

 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი