კომენტარი

5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაიწყოთ მედიაბიზნესი საქართველოში

14 სექტემბერი, 2015 • 1774
5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაიწყოთ მედიაბიზნესი საქართველოში

 

ერთი შეხედვით, თითოეულის სურვილი და  ინტერესი სუფთა ფურცლიდან საქმის დაწყებას ჰგავს.

ნათია კაპანაძე
ნათია კაპანაძე

 

ვფიქრობ, ტექნოლოგიური და საკანონმდებლო ცვლილებები/შესაძლებლობები, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლითაა განპირობებული, ვერ შეცვლის ქართული მედიაგარემოს ძირითად მახასიათებლებს. ამიტომაც მოვძებნე 5 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაიწყოთ მედიაბიზნესი საქართველოში:

 

მიზეზი #1: თქვენ დაკარგავთ თქვენნაირი აქტიური ადამიანების კეთილგანწყობასაც კი  – სულაც არ ვაპირებ თქვენი ყურადღების მიპყრობას საუკუნეების მოარულ გამოთქმასა თუ ათასგზის დამტკიცებულ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც „შური და გაუტანლობა ქართული ხასიათის მნიშვნელოვანი ნაწილია“. ჩემი მიზანია გაგაფრთხილოთ, რომ თქვენს სურვილს, თავი დაიმკვიდროთ ქართულ მედიასივრცეში, თქვენთვის სასურველი აღტაცებით  არ/ვერ  შეხვდებიან სხვა დროს კეთილგანწყობილი ადამიანები, ყველა ვერ დაუთმობს თქვენს აქტივობას მთავარი გვერდისა თუ მთავარი საინფორმაციოს პირველ წუთებს. ამიტომ თქვენ თანაბრად უნდა აიტანოთ ჯანსაღი, ხან არაჯანსაღი კრიტიკა, ცოტა იგნორი და ბევრი კულუარული ჭორი; ბევრჯერ შეიტანენ ეჭვს თქვენს სანდოობაში, მიიტანენ იერიშს თქვენს პროფესიონალიზმზე… ეს ნიშნავს, რომ მედიაბიზნესი გაიძულებთ, დაკარგოთ ადამიანებისა და ოპტიმიზმის ნაწილი.

 

მიზეზი #2: თქვენ აუცილებლად გაგლანძღავენ პოლიტიკოსები –  ახლა არ არსებობს „საქართველოში პოლიტიკოსად ჩამოყალიბების სახელმძღვანელო“. შესაძლოა იმიტომაც, რომ დღეისათვის პარტიული მიმართულებებიც კი სუსტადაა განვითარებული, მუდმივად ირევა და იცვლება პოლიტიკაში მყოფი პირების იდეალები, კურსი თუ გემოვნება… და მაინც, თუ ოდესმე გაჩნდება ზემოხსენებული სახელმძღვანელო, პირველი პუნქტის შემდეგ _ „ისწავლეთ ნებისმიერ სიტუაციაში ლავირება  – უნდა შეძლო შეცვალო კურსი შემოთავაზებების მიხედვით“, მეორე პუნქტად წარმომიდგენია მითითება  –  „დააკნინე მედიის როლი და დაამცირე ჟურნალისტები ყოველთვის, ამ ნაცადი გზით  თავად გადაიქეცი ყველაზე სარწმუნო და დამაჯერებელ წყაროდ ამომრჩევლისთვის“. როგორც მოგახსენეთ, მსგავსი სახელმძღვანელო ჯერ არ არსებობს, მაგრამ საქართველოში პატივს სცემენ ხალხურ ზეპირმეტყველებასაც. ამიტომ მედიაბიზნესში შემოსვლით გარანტირებული გაქვთ ქართველი პოლიტიკოსების კრიტიკული და დამაკნინებელი განცხადებები თქვენ მიმართ. 

 

თქვენ გაგკიცხავენ იქ, სადაც მხოლოდ სიყვარული ევალებათ. რადგან ესეც “ერთგვარი პოლიტიკაა”.

 

მიზეზი # 3: თქვენ ერთ დღესაც „მოხვალთ პოლიტიკაში“ და მერე თავად გალანძღავთ სხვებს – თუ თქვენ იმდენად აქტიური ადამიანი ხართ, რომ ფიქრობთ, მედიაგარემოს სირთულეებს ებრძოლოთ, შეაყვაროთ თავი მაყურებელს და ა.შ. ერთ დღეს მაყურებელში პოტენციურ ამომრჩეველს აღმოაჩენთ და აუცილებლად გადაწყვეტთ „მოხვიდეთ პოლიტიკაში”. ამ ნაბიჯით, მართალია, გააქარწყლებთ იმას, რის გაკეთებაც მოასწრებთ მედიაში, მაგრამ პარალელურად უფრო მეტი გამოცდილებით გამოიყენებთ ზემოაღწერილი დაუწერელი სახელმძღვანელოს ორივე პუნქტს („ლავირება“ და „პირველწყაროობა“) მედიის წინააღმდეგ.

 

მიზეზი #4: ოდესმე ისევ დაანებებთ თავს პოლიტიკას და დაბრუნდებით მედიაში – მერწმუნეთ, რომ თქვენისთანა აქტიურ ადამიანს ქართული პოლიტიკის კურსი, უფრო სწორად, კურსის უქონლობა, მალევე შეაწუხებს და გადაწყვეტთ დაუბრუნდეთ აქტიურ ჟურნალისტიკას. ამით გააქარწყლებთ იმას, რასაც ემსახურებოდით პოლიტიკაში, დაკარგავთ პოლიტიკოსების ნდობას და ვერ აღიდგენთ კოლეგების პატივისცემას. ამგვარი დაბრუნებისას ბლოგის პირველი და მეორე მიზეზის უფრო გამწვავებული ფორმით გადატანა მოგიხდებათ.

 

მიზეზი #5: თქვენ ვერ გამდიდრდებით  –  არაერთი კვლევა და ანალიზი ადასტურებს, რომ სარეკლამო ბაზარი მწირი და არაკმარია საქართველოში. მედიაორგანიზაციების სიცოცხლისუნარიანობა წლების მანძილზე უფრო განაპირობა

 

ხელისუფლებასთან/ოპოზიციასთან კავშირმა, ფარულმა ბიზნეს თუ პოლიტიკურმა გარიგებებმა, ზოგჯერ ტრანსფერის პრინციპით მოზიდულმა კადრებმა თუ გაუქმებულმა გადაცემებმა ან დონორი ორგანიზაციების ოპტიმიზმმა. ჩამონათვალი შესაძლოა არასრულია, მაგრამ გამონაკლისიც იშვიათია. ამიტომ უბრალოდ დაიჯერეთ, რომ მედიაბიზნესში ვერ გამდიდრდებით.

 

ამასთან, მედია არ არის ვიწრო ბიზნესსაკითხი, ეს ფართო პოლიტიკის საგანია. ამ  საქმეში სოციალური პასუხისმგებლობა ყველა ინტერესზე მაღლა დგას. თქვენ ვერასოდეს მიიღებთ გადაწყვეტილებებს თუნდაც სალონის მეპატრონის სინდისით შეცვალოთ სტილისტი, დახუროთ ან გადაახალისოთ კოსმეტიკის კაბინეტები. ვერც ყავის სახლის მფლობელივით უზრუნველად მიიღებთ ბიზნესისთვის საჭირო მასალას ოფშორებიდან. თქვენს ნაბიჯებს პოლიტიკას დაარქმევენ ლოგიკური ადამიანები და ამას ექნება საფუძველიც.

 

და კიდევ, სათაურის მიუხედავად, ეს ბლოგი უფრო მედიით დაინტერესებული ახალი ადამიანების ძებნის მცდელობაა  –  თუ მიიჩნევთ, რომ ჩამოთვლილ მიზეზებს თქვენთვის ხელის შეშლა სულაც არ შეუძლია, არც პოლიტიკოსების შექება თუ ლანძღვა მოახდენს გავლენას თქვენს პროფესიულ ინტერესებზე,  დაპირისპირების მოლოდინის მიუხედავად, უმაღლეს ღირებულებად მიგაჩნიათ ადამიანის, საზოგადოების განვითარების საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება  – მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გინდათ საზოგადოებამ თქვენი კეთილსინდისიერებით მიიღოს სარგებელი და არა პირიქით… იქნებ თქვენი თავის ინვესტირება სწორედ მედიის განვითარებაში გეცადათ.

 

ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ასეთი პროფესიონალები ქართულ მედიაბიზნესში ცოტაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი