საზოგადოება

ელჩი ჰოლანდიიდან: გვაწუხებს, რომ საქართველოში მზარდია აივ-ინფექციის გავრცელება

14 სექტემბერი, 2015 • • 1175
ელჩი ჰოლანდიიდან: გვაწუხებს, რომ საქართველოში მზარდია აივ-ინფექციის გავრცელება

ბატონო ლამბერტ, რა არის თქვენი მისია და საქართველოში თქვენი ჩამოსვლის მიზანი?

 

როდესაც განვითარების ეტაპზე მყოფ ქვეყნებთან ვმუშაობთ, ჩვენი საქმიანობა მიმართულია ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. თუმცა ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან ჰოლანდიის განვითარებადი პარტნიორების სიაში, ეს სამუშაო ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში მიმდინარეობს.

 

მოგეხსენებათ, მსოფლიოში 36 მილიონი ადამიანი აივ-ინფექციის მატარებელია და ყოველწლიურად 2 მილიონი ახალი შემთხვევა იჩენს თავს. თუმცა, წლიდან-წლამდე მსოფლიოში მისი გავრცელება მცირდება. ამასთან, მსოფლიოში რამდენიმე რეგიონი რჩება, სადაც პირიქით ხდება – გავრცელება იზრდება. მათ შორისაა საქართველო.

 

აბსოლუტურ რიცხვებს რაც შეეხება, საქართველოში სურათი დრამატული არ არის, მაგრამ არის რისკი, რომ აივ-ინფექცია სწრაფად მზარდი იყოს.

 

რა არის თქვენი რეკომენდაციები საქართველოსთვის?

 

მსოფლიოში ზიანის შემცირების პროგრამების კარგი გამოცდილება არსებობს. ეს არის შპრიცების გაცვლის, მეტადონის პროგრამები. ჰოლანდიაში 90-იან წლებში, როდესაც ჰეროინის მომხმარებელთა რიცხვი ძალიან მაღალი იყო, ამ პროგრამებმა ძალიან ეფექტურად იმუშავა და მინიმუმამდე დაიყვანა საფრთხეები. ვიცი, რომ ეს პროგრამები საქართველოშიც მუშაობს, მაგრამ ისევ და ისევ ბევრი პრობლემა რჩება. ბოლომდე არ არის გარკვეული, საითკენ მიდის მიდგომა.

 

ალბათ იცით, რომ კანონმდებლობა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ საქართველოში მკაცრია.

 

დიახ, ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი თეა წულუკიანის, იუსტიციის მინისტრის პრეზენტაციას დავესწარი და მან აღიარა, რომ კანონმდებლობა მკაცრია და ეს ხელს არ უწყობს პრობლემის დაძლევას. მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში არ არის მარტივი, დღეს ადგე და ყველაფერი ერთბაშად შეცვალო. თქვა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ იცვლება კანონმდებლობის კუთხით სიტუაცია.

 

მაღალია ინტერესი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდანაც, რომ ადამიანის უფლებების კუთხით მიდგომა მნიშნველოვანია, რომ არ მოხდეს ამ ჯგუფების სტიგმატიზაცია, დისკრიმინაცია. მიდგომების შეცვლა და მათი მხარდაჭერა ეხმარება ამ ადამიანებსაც და ზოგადად, საზოგადოებას.

 

საქართველოს გარდა, რომელი ქვეყნებია იდენტური პრობლემით, სადაც აივ-ის გავრცელება არ იკლებს?

 

საუბარია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაზე. ინდონეზიის რამდენიმე ქალაქზეც. სადაც ახალგაზრდა მოსახლეობა ეკონომიკური ზრდის ფონზე ნარკოტიკებით ექსპერიმენტებს იწყებს. ასევე, სექსის რისკიან ფორმებს მიმართავს. დიდწილად ეს ყველაფერი სექსუალურ განათლებასაც უკავშირდება.

 

ამ მხრივ, კარგად არ ვიცნობ საქართველოს სიტუაციას. განათლების სამინისტროში ჯერ არ მქონია შეხვედრა. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ სექსუალურ განათლებას პასუხისმგებლობა მოაქვს ქცევაში. ბევრი მიიჩნევს, რომ სექსუალური განათლებით მოსწავლეების გარყვნა ხდება, მაგრამ ეს არ არის ასე. ადამიანები იღებენ ცოდნას სქესებს შორის ურთიერთობაზე, სქესების თანასწორობაზე. ამასთან, თეორულ ცოდნასთან ერთად, უნდა არსებობდეს ახალგაზრდებისთვის წვდომა პრეზერვატივებზე, რაც ბევრ საზოგადოებაში გარკვეული ღირებულებებითი მოსაზრებების გამო შეზღუდული გარემოებაა.

 

სექსუალური განათლება აბორტების რიცხვსაც შეამცირებდა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, საქართველოში იკლო, თუმცა მაინც დიდი რაოდენობაა არსასურველი ორსულობით გამოწვეული აბორტების, რაც თავის მხრივ ოჯახის დაგეგმვის კულტურის არარსებობასაც მიუთითებს. სექსუალური განათლება საჭიროა სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელადაც, რაც ყველა საზოგადოებაში არსებობს. ჩემს ქვეყანაშიც კი, ჰოლანდიაში.

 

სამაგიეროდ, სოციალური მედიაა ძალიან ძლიერი ნიდერლანდებში. გვაქვს ვებ-გვერდები მოზარდებისთვის, საიდანაც ღირებული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ვინაიდან ბევრი მიგრანტია ჩვენს ქვეყანაში, ეს საიტები სხვადასხვა ენაზეც არის ნათარგმნი. მათაც უნდა ჰქონდეთ ის ინფორმაცია, რასაც ნებისმიერი მოქალაქე ფორმალური განათლების სისტემიდან ბოლომდე ვერ მიიღებს.


 

იცით, რას უკავშირდება ეს, რატომ იზრდება საქართველოში აივ-ინფექციის გავრცელება?

 

 

 

ეს რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება მაღალია და ეს ინფექციის გადაცემის რისკებს ზრდის. გარდა ამისა, აივ-ინფექციის მაღალი გავრცელება საქართველოში მსმ [MSM -მამაკაცი, რომელსაც სექსი აქვს მამაკაცთან – Men who have sex with men] ჯგუფს უკავშირდება. მსმ ჯგუფი დიდია. ამასთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კაცებს მხოლოდ კაცებთან აქვთ სექსი. მსმ-ების 60%-ს ქალი პარტნიორი ჰყავს – ცოლი, მეგობარი ქალი და ა.შ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობაში ნელ-ნელა ვრცელდება ინფექცია. დაახლოებით 35% ინფექციებისა სწორედ ჰეტეროექსუალური ურთიერთობით არის გადაცემული.

 

 

როგორია სიტუაცია აივ-ინფექციის გავრცელების მხრივ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?

 

საქართველოს შემდეგ სომხეთში მივდივართ. იქ სხვანაირი სიტუაციაა. მათთანაც არის აივ-ის პრობლემა, ოღონდ ის დაკავშირებულია მიგრაციასთან. სომხეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე მიემგზავრება. მინდა გითხრათ, რუსეთშიც მაღალი და მზარდია აივ-ინფექციის გავრცელება. უკრაინაშიც.

 

საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, რა იყო თქვენი მესიჯი საქართველოს მთავრობისთვის?

 

ჩვენ არ გვინდა, ვინმეს რამეზე მივუთითოთ.  გვაწუხებს, რომ საქართველოში მზარდია აივ-ინფექციების გავრცელება და მზად ვართ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. პირველ რიგში, როგორც გითხარით, ზიანის შემცირების კუთხით უნდა იმუშაოს საქართველომ. თუ თავის დროზე არ დაეხმარე ამ ადამიანებს, ისინი კრიმინალები გახდებიან.

 

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საქართველოში ვაფინანსებდით ხუთწლიან პროგრამას “სიცარიელების ამოვსება” (მას ორგანიზაციები „ბემონი“ და „თანადგომა“ ახორციელებდნენ რამდენიმე უცხოელ პარტნიორთან ერთად), რომელიც გათვლილია რისკჯგუფებზე, ინფექციური ნარკოტიკების მომხმარებლებზე, სექსმუშაკებსა და მამაკაცებზე, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან.

 

გარდა ამისა, 2018 წელს ამსტერდამში დიდი საერთაშორისო კონფერენციაა დაგეგმილი აღნიშნულ საკითხებზე და საქართველოს მთავრობა და ორგანიზაციები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ, ჰოლანდიაში მოვიწვიეთ. მართალია, ეს მხოლოდ სამი წლის შემდეგ იქნება, მაგრამ გვინდა, რომ საქართველო ამ ღონისძიებას დაესწროს, მოისმინოს და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბროს.

 

ლამბერტ ხრაინსი
ლამბერტ ხრაინსი

მასალების გადაბეჭდვის წესი