ახალი ამბები

კახა მამულაშვილი 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ გაათავისუფლა

9 სექტემბერი, 2015 • • 1576
კახა მამულაშვილი 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ გაათავისუფლა

“დაცვის მხარემ მიმართა შესაბამისი შუამდგომლობით, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა პროკურორის სახით. შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა, მამულაშვილი გათავისუფლდა და გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 10 დღე”, – განუცხადეს ნეტგაზეთს თბილისის საქალაქო სასამართლოში.


ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მამულაშვილის წინასასამართლო სხდომა  13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი ახლობლები, მათ შორის ძმა, შვილი და მეგობრები მე-12 დარბაზთან პროცესის დაწყებას თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ.

 
საქმის პროკურორმა, გიორგი დავითაშვილმა პროცესამდე ცოტა ხნით ადრე “ინტერპრესნიუსსს” განუცხადა, რომ სხდომა გადაიდებოდა და შენობა დატოვა.


“ცოტა ხანში საქმის პროკურორი მოსამართლის თანაშემწესთან მივიდა, რის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან თანაშემწე გავიდა და განმარტება არ გაუკეთებია, როდის დაიწყებოდა პროცესი. ამ პერიოდში, ბრალდებულის ახლობლებთან და რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად, დარბაზში იმყოფებოდა საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ორი წარმომადგენელი, თუმცა მათ მედიისთვის არ უცნობებიათ, რატომ ჭიანურდებოდა პროცესი. ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ კახა მამულაშვილი მეორე სართულზე, მე-18 დარბაზიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მედიის არც ერთ წარმომადგენელს მის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.
მამულაშვილის გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც იგი სასამართლოს ეზოში, ავტომობილში ჯდებოდა”, – იუწყება სააგენტო.


სასამართლოს პრესსამსახურში ამ ინფორმაციაზე საპასუხოდ გვითხრეს:


“ჩვენი მხრიდან არ იყო ნათქვამი, რომ პროცესი გადაიდო. იმ დარბაზში, სადაც სხდომა უნდა ჩატარებულიყო, ტექნიკური პრობლემა გაჩნდა. შეიცვალა დარბაზი და ჟურნალისტებმა ვერ მიიღეს ინფორმაცია, რომ პარალელურად სხვა დარბაზში მიმდინარეობდა სხდომა”, – ამბობებნ სასამართლოს პრესსამსახურში.


რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოხდა ჟურნალისტების ინფორმირება, პრესსამსახურში განმარტავენ:


“ჩვენც არ ვიყავით ინფორმირებული და, შესაბამისად, ვერ მოხვდნენ პროცესზე. სასამართლოში თუ დადიხართ და აშუქებთ ხოლმე პროცესებს, გეცოდინებათ, რომ დარბაზები ხშირად იცვლება და ხშირად ბოლო წამამდე არ არის ხოლმე დაზუსტებული, თუ რომელ დარბაზში იმართება პროცესი, იმიტომ, რომ გადატვირთლია სასამართლო და დარბაზების ნაკლებობაც არის. როდესაც მოვიკითხეთ, თუ რატომ შეიცვალა დარბაზი, გვითხრეს, რომ ტექნიკური პრობლემა იყო”.


კახა მამულაშვილი
კახა მამულაშვილი


მამულაშვილი თბილისის აეროპორტში 18 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში შემოტანა ედება.


ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მომდევნო სხდომა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11 წლამდე პატიმრობა ელის.

მასალების გადაბეჭდვის წესი