ახალი ამბები

პრემიერის ცნობით, ჩინეთის კომპანიამ საქართველოში შესაძლოა 1-მილიარდიანი პროექტი დაიწყოს

9 სექტემბერი, 2015 • • 1135
პრემიერის ცნობით, ჩინეთის კომპანიამ საქართველოში შესაძლოა 1-მილიარდიანი პროექტი დაიწყოს

“აღინიშნა, რომ პროექტზე იმუშავებს მსოფლიო ათეულში მყოფი სამშენებლო კომპანია და ჩინეთის განვითარების ბანკი, რომელიც აფინანსებს ჩინეთის ინფრასტრუქტურული მშენებლობების უდიდეს ნაწილს. 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორ კვირაში თბილისს სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გამართავენ მოლაპარაკებებს პროექტის დეტალების შესახებ.

მთავრობის მეთაურმა დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების დაინტერესება აღნიშნული პროექტისადმი. მისი განმარტებით, პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის და აღუთქვა კომპანიის ხელმძღვანელებს სრული მხარდაჭერა, მას შემდეგ, რაც პროექტის დეტალები დაზუსტდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მიისწრაფის, იყოს ჩინეთის მთავარი პარტნიორი რეგიონში. საუბარი ასევე შეეხო ანაკლიის პორტის პროექტს. ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა დააფიქსირა ჩინური მხარის დაინტერესება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.


მთავრობის ცნობით, შეხვედრას დაესწრო ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომლებიც საგზაო მაგისტრალის პროექტის განხორციელებაში იქნებიან ჩართული: MCC International Incorporation Limited, China Development Bank Inner Mongolia Branch, China Export & Credit Insurance Corporation. 

“სამშენებლო კომპანია „Zhuhai Da Heng Qin Company Limited” შედის მსოფლიო ათეულში. კომპანიის განხორციელებული პროექტების რიცხვშია პეკინის ოლიმპიური სტადიონი.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, პარლამენტის წევრი დავით საგანელიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური დაესწრნენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი