ახალი ამბები

მიშველაძე: პეტრიაშვილისთვის ჩემი ეთერი დაიხურებოდა, თუმცა არა პარტიის სხვა წევრებისთვის

9 სექტემბერი, 2015 • • 1423
მიშველაძე: პეტრიაშვილისთვის ჩემი ეთერი დაიხურებოდა, თუმცა არა პარტიის სხვა წევრებისთვის

“მრჩეველმა, რომელმაც იკადრა და ძალიან ირონიულად მომილოცა მე ჩემი ოჯახური ბედნიერება, იკადრა ისიც, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად წაიკითხა საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის ჩანაწერი. იქ წერია, რომ ჟურნალისტმა არ უნდა გააშუქოს საკუთარი ნათესავების და ოჯახის წევრების საქმიანობა, თუმცა ჩემთვის არავის უკითხავს, მე ვაპირებდი თუ არა ბუკა პეტრიაშვილის ეთერში მოწვევას. მე მგონი, ყველა ნორმალური ჟურნალისტი, მით უმეტეს, ისეთი სტანდარტების ჟურნალისტი და ისეთი სტანდარტების ტელევიზიაში, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლიდი და ჯერ კიდევ ასე ვფიქრობ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თავისთავად, ყოველგვარი მითითების გარეშე ფიქრობს იმას, რომ… მისთვის [ალექსი პეტრიაშვილისთვის] ჩემი ეთერი დახურული იქნებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, არა იმ პარტიის წევრებისთვის. ადამიანები ქორწიდნებიან არა პოლიტიკური შეხედულებების, არამედ სიყვარულის გამო’, – განაცხადა მიშველაძემ და დასძინა, რომ მან იურისტებთან კონსულტაციები გაიარა და გამოარკვია, რომ პოლიტიკოსთან ქორწინების საკითხი მისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტოკ-შოუს წამყვანის პოზიციაზე ინტერესთა კონფლიქტს არ წარმოშობს.

 

4 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, სადაც ტელემედიების წინაშე მდგარ გამოწვევებზე იყო საუბარი, განაცხადა, რომ გადაცემა “პირველი სტუდიის” წამყვანს, ეკა მიშველაძეს პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინების გამო ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

 

უკანასკნელი რამდენიმე დღეა საუბრობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემა “პირველი სტუდია” დაიხურება. თავად ეკა მიშველაძე აცხადებდა, რომ მისთვის ეს ინფორმაცია ოფიციალურად არავის უცნობებია. “თავისუფალი დემოკრატების” ერთ–ერთი ლიდერისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრის, ალექსი პეტრიაშვილისა და ეკა მიშველაძის ქორწინების შესახებ აგვისტოში გახდა ცნობილი.

 

 

“ქალბატონ ეკას მინდა მივულოცო მთელი გულით და სულით ოჯახის შექმნა. იყო პრომოს დამზადების პროცესი, ველოდებოდით, რომ ეკა უნდა ჩამოსულიყო, ეს პრომო უნდა დაგვემზადებინა და ასეთი კარგი ამბავი დაგვახვედრა, რომ გათხოვდა პოლიტიკურ ლიდერზე, მომავალ პარლამენტის თავმჯდომარეზე, სხვათა შორის, აქვე ვიწინასწარმეტყველე. მაუწყებელს აქვს თავისი კოდექსი, როგორც მარეგულირებელ კომისიას, ასევე მაუწყებელს, სადაც ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ეს მეილზე. ეს არის პრობლემა,”- განაცხადა ბასა ჯანიკაშვილმა “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე.

 

ბასა ჯანიკაშვილის პასუხად ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ჟურნალისტის პროფესიონალიზმი არ ისაზღვრება იმით, თუ ვისი ცოლია. 

 

“ასეთი რამ არსად არ წერია, დიდი მადლობა მოლოცვისთვის, უხერხულობას თუ რამე ქმნის მაგ ტელევიზიაში, მე ახლა არ მინდა ჩამოვაყალიბო, კიდევ სხვა რა ქმნის უხერხულობას, გათხოვება თუ უხერხულობა იყო, პირველად გავიგე. რით ისაზღვრება ჟურნალისტის პროფესიონალიზმი, იმით, ვისი ცოლია თუ იმით, რა პროფესიული უნარ-ჩვევები აქვს მას? ბევრი ინტერესთა კონფლიქტია, რომელმაც არ შეგიქმნათ უხერხულობა ამ ხნის განმავლობაში, რაც მანდ ვმუშაობ,”- განაცხადა ეკა მიშველაძემ ბასა ჯანიკაშვილის პასუხად. 

 

ეკა მიშველაძის განცხადებით, არსად წერია, რომ პოლიტიკური პარტიის წევრის პარტიის ცოლი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ტოქ–შოუს წამყვანი. 

 

ბასა ჯანიკაშვილმა კი პასუხად წაიკითხა ციტატა საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსიდან:

 

“ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად თანამშრომლებმა არ უნდა გააშუქონ ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების საქმიანობა”. ეს ნიშნავს, რომ როდესაც პოლიტიკური გადაცემის წამყვანს მიყავს პოლიტიკური გადაცემა, შეიძლება პოლიტიკურ სუბიექტებს გაუჩნდეთ ლეგიტიმური კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ესა თუ ის წამყვანი მოწვეულ სტუმართან დაკავშირებით,”– განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა. 

 

 

დისკუსიის დასრულების შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირქტორის მრჩევლის პოზიცია, ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის ოფიციალურად კვლავ უცნობია, დაიხურება თუ არა “პირველი სტუდია”. მან ასევე აღნიშნა, რომ გაჩერებას არ აპირებს და თუკი მის გადაცემასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან ყველა არგუმენტის განმარტებას მოითხოვს.

 

 

გარდა ამისა, ეკა მიშველაძემ აღნიშნა, რომ მისთვის ამ ფორმით მილოცვის მიღება ძალიან მოულოდნელი იყო:

 

 

“საოცარი ირონიით მივიღე დღეს მილოცვა. მსგავსი შოკი დიდი ხანია არ მიმიღია, მართალი გითხრათ,”– განაცხადა ეკა მიშველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

“ნეტგაზეთი” შეხვედრის დასრულების შემდეგ ბასა ჯანიკაშვილსაც დაუკავშირდა, რათა გაერკვია, დაიხურა თუ არა გადაცემა ოფიციალურად. ჯანიკაშვილმა კომანტარზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური გადაცემების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი მომავალ კვირაში ისაუბრებს. 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი