ახალი ამბები

გომელაური სუს-ის თანამშრომლის მიერ ცხინვალში გადასვლის ფაქტს ადასტურებს

8 სექტემბერი, 2015 • • 1043
გომელაური სუს-ის თანამშრომლის მიერ ცხინვალში გადასვლის ფაქტს ადასტურებს

“ის იყო რიგითი თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა ღია წყაროებზე, ანალიზს აკეთებდა და აწვდიდა ხელმძღვანელობას”, – განაცხადა გომელაურმა და დასძინა, რომ იმ წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, საიდანაც ანალიზს აკეთებდა, ყველას შეუძლია ინტერნეტით.


დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა თბილისი დატოვა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და სავარაუდოდ საიდუმლო ინფორმაცია გადაუტანა რუსეთის სპეცსამსახურებს, რაც მაშინ შსს-მ და გომელაურმა კატეგროიულად უარყვეს. 


“ამ თემამ ძლაიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როდესაც პარლამენტში ჩემი კანდიდატურის დამტკიცების საკითხი განიხილებოდა, იქ ძალიან ბევრი კითხვები დაისვა. მე იქ განცხადება გავაკეთე, რომ ეს არ მომხდარა. მაშინ საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წაიღო საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც სხვა სახელმწიფო სპეცსამსახურებთან უნდა გადაეტანა. იგი არის რიგითი თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა ღია წყაროებზე, მოკვლევას და ანალიზს აკეთებდა და ხელმძღვანელობას აწვდიდა, მას არანაირი წვდომა არ ჰქონია საიდუმლო ინფორმაციაზე. იმ დროისთვის გამოძიება დაწყებულ იყო და მისი დაკავების ღონისძიება მიმდინაროებდა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებდით. გიორგი ბარამიძეს [დეპუტატი, ენმ-ს წევრი] ეს მე ავუხსენი და ის კარგად მიხვდა, რადგან ის თავის დროზე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. არ შეიძლებოდა ამ განცხადების გაკეთება, რომ ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომელმა მიატოვა და, ასე ვთქვათ, სხვა ქვეყანაში გადავიდა.


მათი მხრიდან ასევე განცხადებები გაკეთდა, რომ შემდეგ ის არა ჩვენ, არამედ რუსულმა თუ ოსურმა სპეცსამსახურებმა დააკავეს, სცემეს და გადმოაგდეს საზღვრის აქეთ, ე.წ. საოკუპაციო ზოლზე. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი გადავიდეს, გადაუტანოს ღირებული ინფორმაცია, ის ადამიანი სცემონ, გაკოჭონ, აუკრან თვალები, ფეხები და უკან გადმოაგდონ. ეს ხომ ლოგიკაში არ ჯდება და, მე მგონი, კითხვები მოხსნილია, თუ რა ინფორმაცია გადაიტანა ამ ადამიანმა იქით”, – ამბობს გომელაური და მეტი კონკრეტიკისაგან თავს იკავებს. მისივე თქმით, ზემოხსენებული თანამშრომელი ქართულმა მხარემ უკვე დააკავა.


სახელწმიფო უსფრთხოების სამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დაკავებულს ბრალი რამდენიმე მუხლით ედება: სისხლის სამართლის კოდექსის  180-ე (თაღლითობა), 236-ე მუხლის მესამე ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), 237 მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტი (იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა), 333-ე მუხლიდ პირველი ნაწილი (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).


მასალების გადაბეჭდვის წესი