ახალი ამბები

სიჭინავა ფედერაციას დღესვე ტოვებს – “ამაში მონაწილეობას არ მივიღებ”

7 სექტემბერი, 2015 • • 927
სიჭინავა ფედერაციას დღესვე ტოვებს – “ამაში მონაწილეობას არ მივიღებ”

“პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ტელევიზიით აცხადებს, რომ არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოსო. მე ეს არასწორად მიმაჩნია და მინდა გითხრათ, რომ დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით ბატონი საშა ჩივაძე ხვალიდან პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს”, – განაცხადა სიჭინავამ.

 

“მე  ამაში ნამდვილად არ მინდა მივიღო მონაწილეობა”.

 

ზვიად სიჭინავას განცხადებით, პირადად მასზე არავითარი ზეწოლა არ განხორციელებულა.


ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. ამ დროისთვის სამი კანდიდატია რეგისტრირებული: უეფას ყოფილი მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია, ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე.


რევაზ არველაძე პრეზიდენტობის კანდიდატად გურიის ფეხბურთის ფედერაციამ წარადგინა, რასაც ხმაური მოჰყვა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამის შემდეგ გურიაში გუბერნატორის მოადგილესა და ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის წევრებს შორის შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელიც ესწრებოდა:

 

“გუბერნიებში არ უნდა წყდებოდეს ასეთი საკითხები. ეს წმინდა საფეხბურთო საკითხია.  ვინც კანდიდატი დააყენა და დელეგატი წარმოადგინა, ეს კანონის სრული დაცვით გააკეთა,”- აცხადებს რევაზ არველაძე. 


“პირველმა რადიომა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იმერეთის გუბერნატორი საფეხბურთო კლუბებს ფედერაციაში საარჩევნო ხმის უფლების მოპოვებას სთხოვს და შესაბამისი წერილები იმერეთში მოქმედმა კლუბებმა უკვე მიიღეს. ამ ფაქტს გამოეხმაურმა პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია:


“ძალიან კარგია, რომ ჩემი გამოსვლების შემდეგ კლუბები ხმის უფლებას ითხოვენ. ამიტომ მივესალმები იმერეთის გუბერნატორის, გოგი ჭიჭინაძის ინიციატივას, რომ გაეგზავნოს ყველა კლუბს მიმართვა ფედერაციაში სასწრაფოდ გაწევრიანების თაობაზე. 

…მომავალში, სახელმწიფო კლუბებს ფულს თუ გამოუყოფს, ადმინისტრაციული ერთეულის, გუბერნიების მეშვეობით უნდა გადაურიცხოს და ამიტომ ყველა გუბერნატორს მივმართავ – მიბაძეთ გოგი ჭიჭინაძეს და სხვა კლუბებსაც იგივე მოუწოდეთ. ოღონდაც, სწორად შეადგინეთ ფედერაციის სახელზე გაგზავნილი მიმართვა. ჯერ უნდა მიმართოთ სფფ-ს წევრობაზე და არა ხმის უფლებაზე, რადგან წევრობა ამას ავტომატურად გულისხმობს”, – აცხადებს კვარაცხელია sportall.ge-ს ცნობით.

 

განცხადება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის პოსტს ტოვებდა, სიჭინავამ ჯერ კიდევ 12 აგვისტოს გააკეთა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ როდის შეიჩერებდა უფლებამოსილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი