ახალი ამბები

ომბუდსმენი: პატიმრებს არ ეძლევათ საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა

7 სექტემბერი, 2015 • • 888
ომბუდსმენი: პატიმრებს არ ეძლევათ საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა

სახალხო დამცველის ინფორმაციით, აპარტის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიების მომარაგების საკითხი და დაადგინა, რომ მაღაზიების პროდუქციით მომარაგება საკმარისი სიხშირითა და რაოდენობით არ ხდება. შესაბამისად, პატიმრებს არ ეძლევათ საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა.

 

“დეფიციტს ასევე ადასტურებენ მაღაზიის თანამშრომლებიც, რომელთა განმარტებით, შპს „GMM“ ან არ აწვდის საჭირო პროდუქციას, ან მხოლოდ მცირე რაოდენობით. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მაღაზიების სატელეფონო ბარათებით არასაკმარისი მომარაგება, რის გამოც პატიმრები ვერ ახერხებენ ოჯახის წევრებთან სატელეფონო ზარების განხორციელებას”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

 ამ მხრივ ომბუდსმენი საყურადღებოდ მიიჩნევს ქალ პატიმართა მდგომარეობას.

 

“განსაკუთრებით, N2 დაწესებულებაში, რომლებიც მაღაზიის მომარაგების პრობლემის გამო ვერ იძენენ საჭირო კოსმეტიკის საშუალებებსა და კანონით დაშვებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს”.

 

სახალხო დამცველის აზრით, ის გარემოება, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მაღაზიების მენეჯმენტს კერძო კომპანია ახორციელებს, არ ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ნაკისრი ვალდებულებისგან, რომლის თანახმად, პატიმარი უნდა იმყოფებოდეს ღირსების შესაბამის პირობებში და ხელი მიუწვდებოდეს პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებზე და საკვებ პროდუქტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი