ახალი ამბები

IDFI: საჯარო უწყებების 710–მა თანამშრომელმა სუპერთასის ბილეთები რიგში დგომის გარეშე იყიდა

2 სექტემბერი, 2015 • 1151
IDFI: საჯარო უწყებების 710–მა თანამშრომელმა სუპერთასის ბილეთები რიგში დგომის გარეშე იყიდა

IDFI-ის განცხადებით, ჩატარებული კვლევის ფარგლებში მათ მოთხოვნილი ბილეთების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად 20 ცენტრალურ საჯარო დაწესებულებას (საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის ადმინისტრაცია, 16 სამინისტრო, თბილისის მერია) მიმართეს, თუმცა, 20 უწყებიდან პასუხი 17-ის შემთხვევაში მიიღეს; ფინანსთა, შინაგან საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს პასუხი არ მიუწოდებიათ.


IDFI–ის კვლევს თანახმად, დანარჩენი უწყებებიდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 8 საჯარო დაწესებულებას ჰქონდა მიმოწერა ფეხბურთის ფედერაციასთან, რომლის მიხედვით დაწესებულებები ითხოვდნენ დახმარების გაწევას მათი თანამშრომლებისათვის (თანამშრომლების საკუთარი სახსრებით) უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენაში.


8 უწყებას შესასყიდად ფეხბურთის ფედერაციის მიერ  710 ბილეთი გადაეცა, საიდანაც ყველაზე მეტი ბილეთი თბილისის მერიას და საქართველოს პარლამენტს გამოეყო:


  • თბილისის მერია – 240 ბილეთი
  • საქართველოს პარლამენტი – 200 ბილეთი
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 50 ბილეთი
  • იუსტიციის სამინისტრო – 50 ბილეთი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 50 ბილეთი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 50 ბილეთი
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 50 ბილეთი
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 20 ბილეთი

აგვისტოში ნეტგაზეთმა მოთხოვნილ ბილეთებთან დაკავშირებით საჯარო უწყებების პრესსამსახურებისგან განსხვავებული ინფორმაცია მიიღო. კერძოდ, თბილისის მერიაში, პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, განაცხადეს, რომ მათ ფედერაციისათვის ბილეთებისთვის არ მიუმართავთ.
 
უეფას სუპერთასის მატჩი
უეფას სუპერთასის მატჩი
 

“როგორც კვლევაში გამოჩნდა, საჯარო დაწესებულებში დასაქმებულ 710 თანამშრომელს მიეცა საშუალება ბილეთების შესყიდვა განეხორციელებინათ არსებული დაბრკოლებების გვერდის ავლით. კერძოდ, მათ აღარ მოუწიათ ვაკის პარკში ბილეთების გაყიდვის რთულ პროცესში მონაწილეობის მიღება,”– აცხადებს IDFI


ასევე, IDFI–ის განცხადებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ კვლევა წარმოდგენილია მხოლოდ 17 საჯარო დაწესებულების მაგალითზე, სავარაუდოა, რომ ბილეთების შეძენის გამოცხადებული წესების გვერდის ავლით გაცილებით დიდი რაოდენობით ბილეთი გაიყიდა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომლებზე, ვიდრე ეს წინამდებარე კვლევაში იქნა ჩვენ მიერ წარმოდგენილი. 

 

IDFI აცხადებს, რომ უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებით სახეზეა შემდეგი პრაქტიკა:


“მაღალი თანამდებობის პირები შუამდგომლობდნენ ფეხბურთის ფედერაციასთან მათ უწყებაში დასაქმებული თანამშრომლებისათვის ბილეთების გამოყოფასთან დაკავშირებით;


საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლებისათვის გამოყოფილი ბილეთების შესყიდვა ხორციელდებოდა ამ თანამშრომლების სახსრებით;


ოფიციალური წერილებიდან ჩანს, რომ ბილეთების გაყიდვის პროცესთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე თანამდებობის პირები მაინც ცდილობდნენ მაქსიმალურად გაეზარდათ უწყებებისთვის გამოყოფილი ბილეთების რაოდენობა.


როგორც ოფიციალური დოკუმენტაციიდან ჩანს, თანამდებობის პირების მიერ ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით ბილეთების მიღების მთავარ ფაქტორად აღნიშნულ მატჩზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ბილეთების გაყიდვასთან წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემები სახელდება. ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე, წარმოადგენს გამონაკლისს, ვინც სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უარი თქვა მის უწყებაში დასაქმებულ თანამშრომლებზე უკვე გამოყოფილი ბილეთების შესყიდვაზე.


ფეხბურთის ფედერაციის მიერ საჯარო დაწესებულებებში VIP მოსაწვევების გამოყოფა განხორციელდა გაურკვეველი პრინციპით. მაგალითად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა 4 VIP მოსაწვევი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს- 7 VIP მოსაწვევი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საგარეო საქმეთა სამინისტროს უარი ეთქვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე აღნიშნული მოსაწვევების გადაცემაზე.”



IDFI–ის განცხადებით, ბილეთების შეძენის მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის კეთილსინდისიერების პრინციპს, რადგან არავის აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი სამსახურეობრივი მდგომარეობა რაიმე სახის პირადი სარგებლის თუ უპირატესი მდგომარეობის მოპოვების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი