ახალი ამბები

ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი ახალი შენობა-ნაგებობების გარეშე დაფუძნდა [ვიდეო]

27 აგვისტო, 2015 • • 1819
ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი ახალი შენობა-ნაგებობების გარეშე დაფუძნდა [ვიდეო]

ნატო – საქართველოს ერთობლივი ცენტრის ჩამოყალიბება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტზე გადაწყდა 2014 წელს, თუმცა ცენტრი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ინაუგურაციის ცერემონიაში თბილისში მყოფი ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქმიანობისათვის მომზადებული ასეული მონაწილეობდა.

 

წვრთნისა და შეფასების ცენტრით არა მხოლოდ საქართველოსა და ნატოს სამხედრო მოსამსახურეები, არამედ ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიც ისარგებლებენ. მას ნატოს წევრი ქვეყნების 6 (დანია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია) და საქართველოს 8 სამხედრო ოფიცერი ხელმძღვანელობს.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ სასწავლო ცენტრი მხოლოდ კრწანისში არსებული ინფრასტრუქტურით არ შემოიფარგლება და ვაზიანის პოლიგონს, ასევე საჩხერის ცენტრსაც გამოიყენებს.

 

“ვაზიანის პოლიგონიც იქნება შემადგენელი ნაწილი, იქ შესაბამისი ნაგებობებიც აშენდება. პოლიგონსაც დასჭირდება რეკონსტრუქცია. გარდა ამისა, საჩხერე ორგანულად შევა ამ პროცესში. ეს იქნება სასწავლო წერტილების ქსელი”, – აცხადებს კაპანაძე.

“კრწანისში” ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი გაიხსნა, თუმცა იქ პროექტის ფარგლებში ჯერ ახალი შენობა არ აშენებულა. ნეტგაზეთთან საუბარში კაპანაძე აცხადებს, რომ ახალი ინფრასტრუქტურა აუცილებლად შეიქმნება:

”აქაც იქნება ახალი შენობები და ვაზიანშიც. ჩვენ ეს [‘კრწანისში’] გავხსენით იმიტომ, რომ არ შევფერხდეთ და დავიწყოთ. ამ ეროვნულ სასწავლო ცენტრს აქვს იმის შესაძლებლობა და უნარი, რომ მიიღოს და ჩაატაროს სწავლებები… ეს არ არის ერთჯერადი, ეს არის ხანგრძლივი პროცესი და თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევქმნით იმ აუცილებელ ინფრასტრუქტურას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას დაეხმარება”.

 

მას შემდეგ, რაც უელსში ზემოხსენებული ცენტრის შექმნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უკვე ერთი წელი გავიდა, თუმცა კაპანაძე ამბობს, რომ ისინი ერთ ადგილას არ მდგარან. რაც შეეხება იმას, თუ რა გაკეთდა, იგი განმარტავს:

 

“რაღაცები როგორ არ გაკეთდა? მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა, გაკეთდა ტანკოდრომი, გასუფთავდა, მოეწყო და ტერიტორიები გამზადდა მშენებლობისთვის. ადგილზე არ ვდგავართ. ჩვენ მუდმივად ვდგამდით გარკვეულ ნაბიჯებს, რადგან როცა მუშაობას დავიწყებთ, ეს ყველაფერი გაადვილდეს”.

ნეტგაზეთის კითხვას, აქვთ თუ არა უკვე გათვლილი, რა სახის სამხედრო ინფრასტრუქტურა სჭირდებათ, გენშტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აქვთ:

 

“გათვლილიც არის და დაგეგმილიც… დეტალებს ნამდვილად ვერ გეტყვით, სიმულაციური ცენტრები, პოლიგონები, სასროლეთები, კლასები და ასე შემდეგ, რომელიც გაკეთდება. გვაქვს, მაგრამ კიდევ შეემატება და გათანამედროვდება”, – აცხადებს იგი.

რაც შეეხება იმას, თუ რას ისწავლიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები ზემოხსენებულ ცენტრში, კაპანაძე ამბობს, რომ ყველაფერს, რაც თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებს უკავშირდება.

“აქ საომარი მოქმედებების სწავლების სრული სპექტრი იქნება განხორციელბული, რაც გულისხმობს მოქმედებას, რომელიც [სამხედრო] დანაყოფმა ან ინდივიდმა [სამხედრო მოსამსახურემ] შეიძლება განახორციელოს თანამედროვე ბრძოლის ველზე”.

იგი ჯერ ვერ აკონკრეტებს, ყოველწლიურად რამდენ სამხედროს მოემსახურება ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი და როდიდან დაიწყება სწავლის პროცესი:

 

“ასე უცებ ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ნატოსთან ერთად სწავლებები მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ დასრულდა ნატოსა და საქართველოს სწავლება. რადგან უკვე საბოლოოდ  ჩამოყალიბდა და ოფიციალურად მივიღეთ სასწავლო ცენტრის სტატუსი, ახლა უკვე ვიმუშავებთ, დავგეგმავთ და ამ ცენტრში მომავალი წლიდან სწავლება აუცილებლად ჩატარდება.

ამავე დროს ვიწყებთ მუშაობას მოდევნო წლის სასწავლო გეგმისათვის. ვინაიდან ეს ნატოს სასწავლო ცენტრია, აქ მხოლოდ ქართველები არ გაივლიან მომზადებას, შესაბამისად, სამუშაოა ნატოს დაგეგმარების კომიტეტთანაც, რათა განვსაზღვროთ მომზადების გეგმა”, – განმარტავს ნატოს გენერალური შტაბის უფროსი.

 

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი უელსის სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტის ყველაზე მასშტაბური კო…

Posted by Irakli Garibashvili on Thursday, August 27, 2015

 

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაფუძნდა. ცენტრის…

Posted by საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia on Thursday, August 27, 2015

 

მასალების გადაბეჭდვის წესი