ახალი ამბები

რატომ ვერ აიცილეს კახეთში სეტყვა – “დელტას” განმარტება

21 აგვისტო, 2015 • • 991
რატომ ვერ აიცილეს კახეთში სეტყვა – “დელტას” განმარტება

კითხვაზე, რატომ ვერ მოხდა კახეთის სეტყვისგან დაცვა, “დელტას” წარმომადგენელი, სპეციალისტი სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში გიგა ინაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ღრუბლის დაშლა ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელი იყო.

 

“არსებობს ორი ტიპის ღრუბელი, ფრონტალური – მოძრავი და უკვე ჩამოყალიბებული, რომელიც გუშინ იყო და რომლის დაშლაც არა მხოლოდ ჩვენი, ზოგადად ნებისმიერი სისტემით შეუძლებელია”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში “დელტას” წარმომადგენელი.

 

როგორც გიგა ინაშვილი ამბობს, გუშინ კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში სწორედ ასეთი, ჩამოყალიბებული, 1600 კვადრატული კილომეტრი ფართობის ღრუბელი შემოვიდა, რომელიც შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა. 

 

რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, მისი თქმით, თუკი მსგავსი, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემები მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნებოდა დამონტაჟებული, ამ შემთხვევაში კი დუშეთსა და ცხინვალის რეგიონში, ახმეტის რაიონში ასეთი სიმძლავრით აღარ გაძლიერდებოდა.

 

“თუმცა სისტემამ მაინც ეფექტურად იმუშავა და მოხერხდა ის, რომ ეს ღრუბელი კიდევ უფრო არ გაძლიერდა. ჩვენმა სისტემამ 28 მაისს დაიწყო ფუნქციონირება და დღემდე სატესტო რეჟიმში ვმუშაობთ. ამის მიუხედავად, 35-36-ჯერ ავიცილეთ სეტყვა კახეთში. ეს სისტემა რომ არ ყოფილიყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კახეთში ბევრად დიდი ზარალი გვექნებოდა”. 

 

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ “დელტას” სეტყვასაწინააღმდეგო სისტემით კახეთის 100%-ია უზრუნველყოფილი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ სისტემის მოწყობაზე, როგორც დელტაში განუცხადეს ნეტგაზეთს, 15 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. 


20 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 10 საათზე მოსული ძლიერი სეტყვისა და ქარის შედეგად კახეთის რამდენიმე რაიონი დაზარალდა. სეტყვის შედეგად განადგურებულია მოსავალი, დაზიანებულია სახლები, მოგლეჯილია ხეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი