ახალი ამბები

გვენეტაძე: გამჭვირვალე სამართალწარმოების პროცესი უნდა იყოს თავისუფალი სიტყვის გარანტი

12 აგვისტო, 2015 • 1325
გვენეტაძე: გამჭვირვალე სამართალწარმოების პროცესი უნდა იყოს თავისუფალი სიტყვის გარანტი

ნინო გვენეტაძის თქმით, მას, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, აქვს სამართლებრივი და ეთიკური ვალდებულება იმისა, რომ სამართალწარმოების პროცესში მყოფ საქმეზე არ გააკეთოს კომენტარი: “ისევე, როგორც საზოგადოებას, მეც მაქვს მეც მაქვს სურვილი კანონიერი სამართალწარმოების პროცესისა. ეს შემიძლია მხოლოდ, რომ ამ ეტაპზე განვაცხადო.”

 

როგორც გვენეტაძე აცხადებს, მას მხოლოდ ინფორმაციის მოწოდება შეუძლია “რუსთავი 2”-ის საქმეზე:

 

“ეს არის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესი, რომელიც სულ რამდენიმე დღეა დაიწყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შემიძლია მხოლოდ ამ კომენტარით შემოვიფარგლო. საზოგადოებას აქვს თავისუფლად აზრის გამოხატვის უფლება, აქვს შეფასებების უფლება, თუმცა ალბათ შეფასებები გონივრულია სამართალწარმოების პროცესის დასრულებისაკენ, მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. ეს მხოლოდ დასაწყისია. მე არ ვიცი, სხვა არგუმენტები და კიდევ ვაცხადებ: მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, რომელიც შეიძლება ამ სამართალწარმოების საქმეს ჰქონდეს, ჩემი ვალდებულებაა, რომ ისეთი კომენტარი არ გავაკეთო, რომელიც მართლმსაჯულების განხორციელებას და ინტერესს ეჭქვეშ დააყენებს.”

 

ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე, “რუსთავი 2”-ის საქმიდან გამომდინარე შეძლებს თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იყოს თავისუფალი სიტყვის გარანტი, გვენეტაძე პასუხობს: “სიტყვის თავისუფლების გარანტი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი სამართალწარმოების პროცესი. რასაკვირველია, ეს გამოჩნდება ეტაპობრივად და თანდათან.”

 

მისი თქმით, პროცესი ღიაა და საზოგადოებას შეუძლია შეფასებების გაკეთება პროცესის მიმდინარეობის გარკვეულ ეტაპზებზე. როგორც გვენეტაძე აცხადებს, ასეთი ტიპის სამართალწარმოების საქმეების ხანგრძლივობის დასახელება რთულია, რომლის ერთ-ერთი მიზეზაცაც სასამართლოს გადატვირთულობას ასახელებს.

 

“მე არ ვიცი, რა სირთულის და რა სიძნელის სამართალწარმოების პროცედურა მიმდინარეობს. ობიექტურ გარემოებებს თუ გადავხედავთ, სასამართლო ძალზედ გადატვირთულია, არის საქმეთა დიდი ნაკადი სასამართლოში ზოგადად; არა ამ ტიპის, არამედ სხვა ტიპის და ფორმატის სამართალწარმოების რეჟიმები. მოსამართლეები მართლაც საკმაოდ დატვირთულები არიან და არის უამრავი საქმე განსახილველი. სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა საკმაოდ მწირია და ამ ობიექტურ გარემოებებსაც თუ გავითვალისწიბთ, მას ალბათ მაინც გონივრული დრო დასჭირდება. თუმცა, კიდევ კიდევ მოგახსენებთ, მე არ ვიცი თვითონ საქმის სირთულისა და სხვა ასპექტების ირგვლივ. მაქსიმუმ, ზოგადად, სამართალწარმოების დამთავრებას სჭირდება ინსტანციურობის პრობლემის გათვლაც. ეს არის პირველი ინსტანცია, ანუ საქალაქო სასამართლოში სამართალწარმოება დაწყებული. მან შეიძლება აპელაციის და კანსაციის საჭიროებაც მოითხოვოს, ამიტომ ამ ვადების გათვლა ძალიან ძნელი იქნება ჩემთვის,” – განაცხადა “პოლიტარტში” სტუმრობისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია. კერძოდ, კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა უკვე დაადო.

 

ქიბარ ხალვასის ადვოკატებმა 2015 წლის 5 აგვისტოს განაცხადეს, რომ ბიზნესმენმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა. ადვოკატების თქმით, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” 2004 წელს დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, თუმცა მიხეილ საკაშვილის ზეწოლით 2006 წელს მას თავისი წილი ძალით დაათმობინეს.

ნინო გვენეტაძე. სქრინი: ნინო ჟიჟილაშვილის პოლიტარტი
ნინო გვენეტაძე. სქრინი: ნინო ჟიჟილაშვილის პოლიტარტი

მასალების გადაბეჭდვის წესი