ახალი ამბები

მოქალაქე აცხადებს, რომ პოლიციაში ცემეს, ცოლისა და დის გაუპატიურებით დაემუქრნენ

5 აგვისტო, 2015 • 1321
მოქალაქე აცხადებს, რომ პოლიციაში ცემეს, ცოლისა და დის გაუპატიურებით დაემუქრნენ

ორგანიზაციის განცხადებით, ვლადიმერ ბარათაშვილი ამბობს, რომ მას რამდენიმე პოლიციელი ურტყამდა გამეტებით თავისა და სახის არეში, აფურთხებდა და ემუქრებოდა ცოლისა და დის გაუპატიურებით, თუ არ აღიარებდა ძარცვის ჩადენის ფაქტს. თავად ბარათაშვილი აცხადებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. 

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, ვლადიმერ ბარათაშვილს ყველა პოლიციელის ამოცნობა შეუძლია; მას ასევე ახსოვს ერთი პოლიციელის გვარი, რომელიც სავარაუდოდ არის მაღალჩინოსანი.

 

ორგანიზაციის განცხადებით, დაზიანებები და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტი დააფიქსირა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ავალიანმაც, ასევე, სახალხო დამცველის რწმუნებულმა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას სახალხო დამცველიც ავრცელებს. ომბუდსმენის განცხადებით, 2015 წლის 5 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს პოლიციის თანამშრომლების მიერ ბრალდებულ ვ.ბ-ს მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, მონახულებისას ბარათაშვილს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. ამასთან, დაზიანებების შესახებ მითითებულია შსს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმში, სადაც ბრალდებული აღნიშნავს, რომ დაზიანება მიიღო დაკავებისას.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, არასათანადო მოპყრობის საჩივრის/შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, ხოლო მსჯავრდებულთა სხეულებზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად, აუცილებელია მოხდეს დროული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი