ახალი ამბები

სამთავრობო ექსკურსია ხიხანის ციხეზე ბიუჯეტის ფულით

5 აგვისტო, 2015 • • 1651
სამთავრობო ექსკურსია ხიხანის ციხეზე ბიუჯეტის ფულით

ექსკურსია, რომელშიც განათლების სამინისტროს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლები, შავფაროსნები [ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია] და პოეტები შედიოდნენ, ხიხანის ციხეზე სააგენტოს ინიციატივით შედგა და ბიუჯეტიდან ამისთვის 3 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

ექსკურსიის მონაწილეები ბათუმიდან ხულოს მუნიციპალიტეტამდე, სადაც ხიხანის ციხე მდებარეობს, სამი სამარშრუტო ტაქსით ჩავიდნენ, რისთვისაც სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 550 ლარი შპს „პარტნიორს” გადაუხადა. მგზავრების ტრანსპორტირებაზე უფრო ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს 70-მდე ადამიანის პიკნიკისთვის გათვალისწინებული საკვების ატანა ხიხანის ციხეზე. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 750 ლარი გადაუხადა ინდმეწარმე ნუგზარ დუმბაძეს საკვების ბათუმიდან ხიხანის ციხემდე მიტანისთვის.

 

ექსკურსია ხიხანის ციხეზე საგანგებოდ იმისთვის შედგა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ს კვირის გამოშვება „კურიერი PS”-ისთვის სიუჟეტი გადაეღო, სად მდებარეობს ხიხანის ციხე და თუ როგორ გეგმავს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ციხის რეაბილიტაციას. სიუჟეტი ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა მოამზადა. სააგენტომ ჟურნალისტის ბათუმის სასტუმროში განთავსების ხარჯი – 400 ლარიც ბიუჯეტიდან დაფარა.

 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესყიდვის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ამ ღონისძიებებისთვის თანხა ხიხანის ციხის პოპულარიზაციისთვის დაიხარჯა.

 

სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ს სააგენტომ შესთავაზა სიუჟეტის მომზადება და ისინიც დაინტერესდნენ. თანხა სიუჟეტის ტელეეთერში გასაშვებად სააგენტოს არ გადაუხდია, ბიუჯეტის ფულით მხოლოდ ჟურნალისტის სასტუმროში განთავსების ხარჯები დაიფარა.

 

რა პრინციპით შეარჩია სააგენტომ ის პირები, ვინც ხიხანის ციხეზე ბიუჯეტით დაფინანსებული ექსკურიის ფარგლებში უნდა წასულიყვნენ? – მირანდა ჩარკვიანი განმარტავს: „რადგან მიზანი იყო ხიხანის გაპიარება და სიუჟეტი მზადდებოდა, პირველი, სიის შედგენისას იყო „შავფაროსნები”, ჩავთვალეთ, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა მათი პერფორმანსი, ამიტომ დავპატიჟეთ შავფაროსნები, პოეტები, საინტერესო ადამიანები… დანარჩენი იყვნენ, ძირითადად, სამინისტროსა და დეპარტამენტის თანამშრომლები. მთავრობის აპარატის თანამშრომლები თავიანთი სურვილით წამოვიდნენ. პარმენ ჯალღონია და დათო გაბაიძე [აჭარის მთავრობის წევრები] ჩვენთან ერთად არ წამოსულან, თავისით ამოვიდნენ და იქ შემოგვიერთდნენ.”

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი და ექსკურსიის წევრები ხიხანის ციხეზე. ფოტო ფეისბუკიდან
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი და ექსკურსიის წევრები ხიხანის ციხეზე. ფოტო ფეისბუკიდან

ბიუჯეტით დაფინანსებულ სხვადასხვა ტიპის ტურებსა და პიარაქციებს სამთავრობო სტრუქტურები ხშირად მართავენ საქართველოში და განვითარებულ ქვეყნებშიც, თუმცა მსგავსი ტიპის ღონისძიებების დაგეგმვისას აქცენტი სამიზნე აუდიტორიაზე კეთდება და არა ღონისძიების ორგანიზატორი და სამთავრობო სტრუქტურის თანამშრომლებზე. ტურისტული ობიექტის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ტურსააგენტოები, უცხოელი ან სხვა რეგიონებიდან მოწვეული ჟურნალისტები, ბლოგერები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც სამიზნე ჯგუფებში ავრცელებენ ინფორმაციას.

 

მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ადამიანები არ შეურჩევიათ იმ ნიშნით, ვინ სად მუშაობდა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აჭარის მკვიდრი ადამიანები იქ მისულიყვნენ და ენახათ, გაეგოთ ეს რა იყო. იმ ნიშნით, რომ სად მუშაობენ, არ შეგვირჩევია. პირველი, როცა დავიწყეთ ადამიანების დაპატიჟება, დავიწყეთ ყველაზე ახლომახლო ვინც იყო, იმ ხალხით. რა მნიშვნელობა აქვს სად მუშაობს – არ უნახავს, არ აქვს ინფორმაცია, მთავარია, ჰქონდეს ინფორმაცია და გაავრცელოს. მსურველი იყო ძალიან ბევრი, 60 ადამიანის სია რომ გავაკეთეთ, კიდევ უამრავ ადამიანს უნდოდა წამოსვლა, უბრალოდ მეტ ფინანსურ ტვირთს ჩვენ ვეღარ ავწევდით ბიუჯეტიდან… რაც მოვნახეთ სააგენტოს ბიუჯეტში რესურსები, გამოვიყენეთ ხიხანის პოპულარიზაციისთვის. მაგალითად, გონიოს არ სჭირდება ამ ტიპის მხარდაჭერა, იქ ბევრად უფრო ნაკლები დანახარჯით შეიძლება. ხიხანზე სხვა ფორმის მოფიქრება ძალიან რთულია. ვუთხრა წამოდით და თვითონ წამოვლენ? პირველი ინტერესი თვითონ გაუჩნდებათ? ან წაიყვანო და კვება არ შესთავაზო? არ ვიცი”, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

 

შეიძლება თუ არა აღნიშნული ღონისძიებისათვის დახარჯული საბიუჯეტო თანხა არამიზნობრივ ხარჯვად ჩაითვალოს? არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება.

 

“როცა სააგენტო მსგავს ღონისძიებას გეგმავს, უმჯობესია, აუდიტორია, ვის წაყვანასაც აპირებს, ან ვისთვისაც უნდა ინფორმაციის მიწოდება, განსაზღვროს თავიდანვე. თუ თანამშრომლების იქ აყვანა არ იყო დაკავშირებული მათ პროფესიულ საქმიანობასთან და ეს იყო მხოლოდ ექსკურსია, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები ჩნდება. გარდა ამისა, თუ მიზანი არის ძეგლის პოპულარიზაცია და ფართო მასებამდე ამ თემის მიტანა, მაშინ შეიძლებოდა ისეთი ადამიანების შერჩევა, რომლებიც დაკავებული არიან ტურისტული ძეგლების პრომოუშენით, მაგალითად, ტუროპერატორები, ბლოგერები და შეიძლებოდა უფრო დაბალბიუჯეტიანი ყოფილიყო ეს ყოველივე.

 

მეორე მომენტია თავად ტელევიზიის შერჩევა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმიტომ ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი მილიონობით ლარით, რომ სწორედ მან უნდა მიაწოდოს ყველა მსგავს თემაზე საზოგადოებას ინფორმაცია. ამიტომ ვფიქრობ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იმაში ფული არ უნდა გადაეხადა, რაც თანხის დახარჯვის გარეშეც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ვგულისხმობ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რესურსის გამოყენებას. შეიძლებოდა გაკეთებულიყო არა ერთი სიუჟეტი, არამედ საკვირაო ტელებლოგი ხიხანის ციხეზე, გასულიყო ეთერში და ასე ენახა მთელ საქართველოს. სააგენტომ რატომ გაამახვილა ყურადღება მხოლოდ ერთ ტელეკომპანიაზე და რატომ არ მიაწოდა ინფორმაცია ყველა სხვა დანარჩენ მედიაორგანიზაციას, ცოტა გაუგებარია. ტელევიზიის, გადაცემის რეიტინგი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთვის, როგორც გადასახადების გადამხდელებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, უმჯობესი იქნებოდა მსგავსი მასალა გვენახა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელიც და სააგენტოც არის ხალხის მიერ დაფინანსებული და არ იქნებოდა დამატებით თანხის ხარჯვა საჭირო თუნდაც ტელეკომპანიის ჟურნალისტის სასტუმროში დაბინავებისთვის.


სხვა საკითხია, როცა თავად ჟურნალისტი ჩადის სამთავრობო უწყების მიერ თანამშრომლობის თუ დაკვეთის საფუძველზე შეთანხმებული მასალის გასაკეთებლად, სასტუმროს ხარჯს სახელმწიფო იღებს და ამისთვის ტელევიზია არ ირჯება. აქ ეთიკური და პროფესიული საკითხი დგას, ამაში ყველა ჟურნალისტი დამეთანხმება, მაგრამ ეს ალბათ უკვე ტელევიზიის გადასაწყვეტია,” – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

მასალების გადაბეჭდვის წესი