ახალი ამბები

გუდაუთის ქუჩაზე დამწვარ საწყობში მაშველები 2 ადამიანს ეძებენ

4 აგვისტო, 2015 • 1271
გუდაუთის ქუჩაზე დამწვარ საწყობში მაშველები 2 ადამიანს ეძებენ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ორი ადამიანის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მათ საწყობის თანამშრომლებმა მიაწოდეს. სააგენტოს ცნობით, დაკარგული თანამშრომლების ძებნა ხანძრის გაჩენიდან მალევე დაიწყო, თუმცა ჯერ-ჯერობით ტერიტორიაზე ვერავინ აღმოაჩინეს.

”რომ გვითხრეს, ორი ადამიანი აკლდათ, როგორც კი ხანძარი გაჩნდა, იმ წუთში შევიდნენ მეხანძრე მაშველები. იქ არის ძალიან დიდი ფართობის საწყობი. რა ადგილზეც მიუთითეს, იმ ადგილზე და შემოგარენში ეძებდნენ ადამიანებს მეხანძრე მაშველები, მაგრამ ვერავინ იპოვეს. ახლა კიდევ მიმდინარეობს დეტალურად მთელი შენობის შესწავლა. ჯერ-ჯერობით ნაპოვნი არავინ არის,” – გვითხრეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საწყობის თანამშრომლები და დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები ადგილზე იყვნენ. როგორც შსს-ში გვითხრეს, მათ ოჯახის წევრებმაც უთხრეს, რომ ხანძრის დროს ეს ორი ადამიანი შენობაში უნდა ყოფილიყო.

”ერთ-ერთი დაკარგული ადამიანის ოჯახის წევრი იყო ადგილზე და ამბობდა, რომ მისი ძმა ხანძრის დროს სამსახურში იმყოფებოდა. სამუშაოები არ წყდება და როგორც კი რამე გახდება ცნობილი, მაშინვე შეგატყობინებთ,” – გვითხრეს შსს-ში.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესამსახურის ინფორმაციით, გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი თანამშრომელი.

დღეს, 4 აგვისტოს, თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, გუდაუთის ქუჩაზე ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა. ძლიერი ცეცხლის ჩაქრობას 14-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და ერთი ვერტმფრენი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.


შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას/განადგურებას გულისხმობს.

ხანძარი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 04.08.2015. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი
ხანძარი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 04.08.2015. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

ხანძარი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 04.08.2015. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი
ხანძარი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 04.08.2015. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი