ახალი ამბები

ღვინის ექსპორტი 2015 წლის 7 თვეში წინა წელთან შედარებით 46%-ით შემცირდა

4 აგვისტო, 2015 • • 1499
ღვინის ექსპორტი 2015 წლის 7 თვეში წინა წელთან შედარებით 46%-ით შემცირდა

ღვინის სააგენტოს ცნობით, ექსპორტის კლების მიზეზი 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში – რუსეთსა (-59%) და უკრაინაში (-62%) შექმნილი არასტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენებია.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ექსპორტირებულია 16 810 187 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხაში 47 589 654 აშშ დოლარს შეადგენს.

 

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული, სააგენტოს ცნობით, ასე გამოიყურება: რუსეთი – 8 477 635 ბოთლი, ყაზახეთი -2 533 596, უკრაინა – 1 510 404, ჩინეთი – 984 221 და პოლონეთი – 921 828.

 

საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინის მატებაა ყაზახეთის – 3% (2 533 596 ბოთლი), ჩინეთის – 35% (984 221), პოლონეთის 2% (921 828), ლატვიის – 9% (663 714), ესტონეთის – 19% (242 130), აშშ-ს – 20% (148 128), გერმანიის – 17% (143 922), კანადის – 100% (120 180), იაპონიის – 10% (90 194), საფრანგეთის 119% (28 638), კორეის 221% (24 054) ბაზრებზე.

 

საზღვარგარეთ გატანილი ღვინის ადგილწარმოშობის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: „ქინძმარაული“ (წითელი ნახევრადტკბილი) – 2 398 077 ბოთლი, „მუკუზანი“ 779 324 (წითელი მშრალი), „წინანდალი“ (თეთრი მშრალი) – 542 858, „ახაშენი“ (წითელი ნახევრადტკბილი) და „ხვანჭკარა“ (წითელი ნახევრადტკბილი) – 199 710.

 

ღვინო
ღვინო

ღვინის სააგენტო აცხადებს, რომ 2015 წლის 7 თვის ექსპორტის მაჩვენებელი (16 810 187 ბოთლი) აღემატება გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, 2014 წლის გამონაკლისით.

 

2012 წელის იანვარ-ივლისში ექსპორტირებული იყო 11 241 028, 2013 წ. ანალოგიურ პერიოდში – 16 124 643 ბოთლი ღვინო.

 

2014 წლის მატებას (31 376 279 ბოთლი) ღვინის ეროვნული სააგენტო ხსნის იმით, რომ მრავალწლიანი ემბარგოს გაუქმების შემდეგ რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტმა პიკს მიაღწია.

 

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა განვლილ 7 თვეში 70,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი