ახალი ამბები

“ტერასა” – ახალი კაფე ბათუმის ცენტრში

4 აგვისტო, 2015 • 7991
“ტერასა” – ახალი კაფე ბათუმის ცენტრში

 

გორგილაძის (ყოფილი გორკის) ქუჩის 8 ნომერში, ხელოვნების მუზეუმის უკან მდებარე გალერეის კიბეს თუ აუყვებით, ბათუმის ყველაზე მწვანე კაფეში მოხვდებით –  მოსახერხებელი სავარძლები, მიმზიდველი ინტერიერი, ხედი ბათუმის მყუდრო ქუჩაზე… „ტერასაზე“ თავს ისე იგრძნობთ, თითქოს ზაფხულის ცხელ დღეს ქალაქგარეთ, ბუნებაში ატარებთ. 

 

გალერეის ტერასაზე  მოწყობილ ამ კაფეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს შენობის შუაგულში, შემინულ ნაწილში მოქცეული მრავალწლოვანი წიწვოვანი ხე, რომელიც ღია ტერასას ბუნებრივად ჩრდილავს;  მეორე მრავალწლოვანი მცენარის, ქაფურის ხის ჩრდილიც განსხვავებულ სიმყუდროვეს მატებს იქაურობას.    

 

„ეს ადგილი ვნახეთ თუ არა,  მაშინვე მოგვინდა,  კაფე გაგვეკეთებინა. აქ ყოფნისას გავიწყდება, რომ ქალაქის ცენტრში ხარ. დღეს, როცა რაიმე ახალ დაწესებულებას ხსნიან, სამწუხაროდ, ბუნებას უდიერად ეპყრობიან, აქ კი ხეებისთვის ბუნებრივი პირობები არ შეგვიცვლია, თითოეულ ტოტს ვუფრთხილდებით. ხეს მოაჯირი გავუკეთეთ, ინტერიერს ქოთნის მცენარეებიც დავუმატეთ; ასე რომ, აქ შემოსული სტუმრები თავს ნამდვილად კარგად იგრძნობენ “,  – ამბობს ირმა გელაშვილი, კაფე „ტერასას“ დირექტორი.

 

„ტერასა“ კაფე-რესტორანია. მენიუში წარმოდგენილია პოპულარული კერძები, თუმცა აქცენტი მაინც ქართულ სამზარეულოზე კეთდება. მენიუ ყოველდღიურად უფრო იხვეწება  – მზარეულები ცდილობენ, ყველა სტუმრის სურვილი და გემოვნება გაითვალისწინონ.  აქ   „გრილ ბარიც“ აქვთ, სადაც მომსვლელებს თავად შეუძლიათ ნახონ, თუ როგორ მზადდება კერძი, რომელსაც მათ მიართმევენ. და რაც მთავარია, აქ ფასები სავსებით ხელმისაწვდომია.

 

 
„ტერასას“ პოპულარობასა და მოდურობაზე ისიც მეტყველებს,რომ აქ თავს იყრის საზოგადოების თითქმის ყველა ფენა და ასაკობრივი ჯგუფი – როგორც ჩანს, აქ თავს ყველა კარგად გრძნობს. უზარმაზარი სივრცის მიუხედავად, აქ ყველა სტუმარი ყურადღების ცენტრშია.  კაფეს შეუძლია ერთდროულად 200 სტუმარს უმასპინძლოს და თითოეულის გემოვნებისთვის შესაბამისი გარემო უზრუნველჰყოს; პირველ სართულზე გვაქვს მყუდრო, დახურული სივრცე ბიზნეს შეხვედრებისთვისაც. რაც მთავარია, კაფე არ იმუშავებს მხოლოდ სეზონურად –  მთავარი მომსვლელი ჩვენთან ბათუმელი საზოგადოება იქნება; თუმცა,რასაკვირველია, დამსვენებლებს და ტურისტებსაც სიამოვნებით ვემსახურებით და ასევე გავაგრძელებთ“, – ამბობს კაფე „ტერასას“ დირექტორი.

 


მისივე თქმით, „ტერასას“ სხვა კაფეებისგან მუსიკალური გემოვნებაც გამოარჩევს – თან ყველანაირი გემოვნების მომსვლელთათვის განკუთვნილი ხარისხიანი  მუსიკის მონაცვლეობით.

 

„გვექნება ტერასული საღამოები. ამას გარდა, ჩვენს სტუმრებს  მოვუწყობთ საინტერესო ივენთებს. რადგან  კაფე გალერეის თავზეა, ამიტომ მას უნდა ჰქონდეს არტ მხარეც”,  ამბობს ქალბატონი ირმა.

 

კაფე-რესტორანი „ტერასა“ დილის ათი საათიდან უკვე ელის სიმწვანეში ნამდვილი ბათუმური ყავითა და გემრიელი საუზმის თანხლებით  დღის დაწყების მსურველებს; ხოლო გვიანდელ სტუმრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ  –   სამზარეულო  აქ ღამის ორ საათამდე მუშაობს, ბარი კი ბოლო სტუმრის გაცილებამდე  ღიაა.

 


ასე რომ, ეწვიეთ კაფე „ტერასას“ – ეს იდილიური გარემო არც სეზონურობას ექვემდებარება და არც მოდურობას  –  კაფე-რესტორანი „ტერასა“ მარად აქტუალური ადგილია!  



მასალების გადაბეჭდვის წესი