ახალი ამბები

“სახალხო სამართალი” პროკურატურასთან ხაფანგების დაგებას და ვირთხების გაშვებას აპირებს

3 აგვისტო, 2015 • 1502
“სახალხო სამართალი” პროკურატურასთან ხაფანგების დაგებას და ვირთხების გაშვებას აპირებს

“ვირთხები არის ერთგვარი სახე იმ პროკურატურის თანამშრომლების, რომლებიც ნაციონალური რეჟიმის დროს სისხლიან საქმეებს ასრულებდნენ, დღემდე არიან შემორჩენილი პროკურატურაში და ისევ მფარველობენ ნაციონალების ლიდერებს და სწორედ მათ მიერ შეფერხებული საქმეები იწვევს იმას, რომ ინტერპოლი ხსნის ძებნიდან სააკაშვილს, ადეიშვილს და ასევე კეზერაშვილს,”– ამბობს მოძრაობა “სახალხო სამართლის” წარმომადგენელი ოთარ სტეფანიშვილი.

 

ოთარ სტეფანიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სიმბოლურად, პროკურატურასთან 3–4 ცალ ვირთხას გაუშვებენ. კითხვაზე, თუ საიდან მოიყვანეს ვირთხები, სტეფანიშვილი ამბობს, რომ თბილისში ვირთხის პრობლემა არ არის და პოვნა შეიძლება.

 

მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

მისივე განცხადებით, დღეს ასევე გააპროტესტებენ იმას, რომ ძალიან ბევრი საქმეა შესული პროკურატურაში, მაგრამ გამოძების პროცესი ჭიანურდება. გარდა ამისა, სტეფანიშვილი ამბობს, რომ დღევანდელ აქციაზე წაიკითხავენ იმ პროკურორების სიასაც, რომლებზეც ეჭვი აქვთ, რომ “სააკაშვილის რეჟიმს” ემსახურებოდნენ. 

 

ოთარ სტეფანიშვილი ამბობს, რომ ეს გამაფრთხილებელი აქცია იქნება. 

 

“სექტემბრიდან უფრო ფართომასშტაბიან აქციებზე გადავალთ, თუ პროკურატურა არ გამოცოცხლდა და ის ძველი კადრები, რომლებიც ნაციონალებს ემსახურებოდნენ, და რომლებიც კერავდნენ საქმეებს, არ იქნებიან განთავისუფლებული თანამდებობიდან,”– ამბობს სტეფანიშვილი.

 

მისი თქმით, დღევანდელ აქციას “სახალხო სამართლის” ახალგაზრდული ფრთის ნაწილი დაესწრება. ოთარ სტეფანიშვილის განცხადებით, მოძრაობა “სახალხო სამართალის” დაარსების იდეა ემზარ კვიციანს, სულხან მოლაშვილს, ლევან მამალაძეს და სხვა პოლიტიკურ დევნილებს ეკუთვნით. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი