ახალი ამბები

სტუდენტთა მობილობა დაიწყო

3 აგვისტო, 2015 • • 1266
სტუდენტთა მობილობა დაიწყო

განათლების სამინისტროს ცნობით, მობილობის პროცესი 20 აგვისტომდე გაგრძელდება. 

 

“ამისათვის, სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე. ამ ვადის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია პრორიტეტების მიხედვით ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს. მობილობის კონკურსში გამარჯვება დამოკიდებულია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებულ სკალირებულ ქულაზე”, – აცხადებენ სამინისტროში. 


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მობულურ ტელეფონებზე და ასევე ელ.ფოსტაზე. 

 

მობილობის საფასური 40 ლარია.  სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან.

 

მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინტერნეტის მეშვეობით.

 

მობილობაში მონაწილეობას იღებს  63  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 13797 ვაკანტური ადგილი.

 

დაწესებულებები, რომლებიც 2015-2016 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ:

 

1. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;

2. უსფ – ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი – სასწავლო

უნივერსიტეტი;

3. სასწავლო უნივერსიტეტი „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი”;

4. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;

5. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;

 

“ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ექვსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

 

მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 24 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

 

შედეგების გამოცხადებისთანავე სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი