ახალი ამბები

ინტერპოლმა სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა არ გამოაცხადა

31 ივლისი, 2015 • 1767
ინტერპოლმა სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა არ გამოაცხადა

გარდა ამისა, გაუქმდა დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა.

 

პროკურატურის განცხადებით, გეგმავენ მიმართონ ინტერპოლის შესაბამის დანაყოფს და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა.

 

მიხეილ სააკაშვილი; ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდიდან
მიხეილ სააკაშვილი; ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდიდან

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ მათი შუამდგომლობის საფუძველზე, ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სასამართლო განიხილავს დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს.

 

“აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ ორგანოებთან და ექსტრადიციის საკითხის წარმატებით დასრულების მიზნით  მოთხოვნისამებრ აწვდის მათ ყველა საჭირო ინფორმაციასა და მასალებს,”– აცხადებს პროკურატურა.

 

მთავარი პროკურატურა ასევე განმარტავს, თუ როგორ ხდებოდა სააკაშვილისა და ადეიშვილის შემთხვევებშ ინტერპოლისთვის ინფორმაციის მიწოდება:

 

“აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა დავით კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარის გამოცემა,  ძებნილმა პირმა  საჩივრით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ქართული მხარის თხოვნა.  დ. კეზერაშვილის საჩივრის საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საქართველოს პროკურატურისგან გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც ქართული მხარის მიერ მიწოდებულ იქნა სრულყოფილად.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული არგუმენტაცია სრულად იქნა გაზიარებული ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ და დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. მოგვიანებით, საფრანგეთის რესპუბლიკის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, დ. კეზერაშვილის ადვოკატებმა კვლავ მიმართეს ინტერპოლს და მოითხოვეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გაუქმება. მოცემულ შემთხვევაშიც, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ქართული მხარისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია დავით კეზერაშვილის მიერ მოყვანილი არგუმენტების საპასუხოდ, რაც ასევე სრულყოფილად მიეწოდა ხსენებულ ორგანიზაციას. მსგავსად  წინა  შემთხვევისა, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ არც ამჯერად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დამატებით მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ძალაში დატოვა დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი.

 

ამჯერად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართულ მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი არგუმენტები დავით კეზერაშვილის საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.

 

მსგავსად დავით კეზერაშვილის შემთხვევისა, საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს რამდენჯერმე  მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია და მასალები მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ უკანასკნელმა აგრეთვე საჩივრით მიმართა ინტერპოლს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ქართული მხარის თხოვნა.

 

 შესაბამისად, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს საჭირო  მასალებს და გეგმავს მიმართოს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს  და მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა,”– აცხადებს პროკურატურა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი