ახალი ამბები

საბანკო ზედამხედველობის კანონზე პრეზიდენტმა ვეტო დაადო

31 ივლისი, 2015 • • 1159
საბანკო ზედამხედველობის კანონზე პრეზიდენტმა ვეტო დაადო

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი ეროვნული ბანკის ინსტიტუტი, რომელიც იმსახურებს მაღალ შეფასებას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან: “არგუმენტები, რატომ უნდა შევცვალოთ ეს საკონსტიტუციო ინსტიტუტი, ნაკლებად ისმის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.


პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 22 ივლისს შევიდა პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას. 23 ივლისს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ეს “კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას”, რის გამოც პრეზიდენტმა იგი ნეგატიურად შეაფასა და დაიწყო ათდღიანი პროცესი კონსულტაციებისთვის ამ კანონპროექტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგენილ ალტერნატიულ კანონპროექტს პრეზიდენტი პარლამენტს უგზავნის.

 

პროცედურულად პრეზიდენტს 10 დღიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს და საკანონმდებლი უწყებას თავისი ალტერნატიული წინადადება შესთავაზოს.


მოგვიანებით, საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა, რომ მათ მიერ წარდგენილი ყველა შენიშვნა უკვე გათვალისწინებული იყო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში, რის გამოც ვეტოს დადება უფრო მეტად “ზიანის მომტანად” შეაფასა. 


პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ეწინააღმდეგებოდა თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომლის თქმით, ეს კანონი საფრთხის შემცველია და კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან
გიორგი მარგველაშვილი. ფოტო – გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი