ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის საპატიმროდან 10 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

30 ივლისი, 2015 • • 1370
ცხინვალის საპატიმროდან 10 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დღეს, 30 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა, როგორც ზაქარეიშვილის უწყებაში აცხადებენ, ზაფხულის სეზონზე სარწყავი სისტემის მუშაობის საკითხი იყო.

 

“კერძოდ, მხარეებმა იმსჯელეს ზონკარის წყალსაცავზე არსებულ ვითარებაზე და ტირიფონის არხზე ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოებზე. შედგა შეთანხმება, რომ აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად კომუნიკაცია გაგრძელდება”,- წერია უწყების განცხადებაში.

 

აქვე წერია, რომ ოსურმა მხარემ, ასევე, გამოთქვა მზადყოფნა, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას მოსავლის აღებაში დაბრკოლებები არ შეუქმნას.

 

“დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო 24 ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით მომხდარი ინციდენტები, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების, ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხები. დღესვე ოსური მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ცხინვალის საპატიმროდან გაათავისუფლეს საქართველოს მოქალაქე გ. გეგელაშვილი, რომელიც 10 წლიან სასჯელს იხდიდა. გეგელაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა დღესვე გადმოიყვანეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამასთან, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა პროტესტი გამყოფ ხაზზე მავთულხართის გავლებისა და ამ პროცესის შედეგად მიმდებარე სოფლების მოსალეობისთვის შექმნილი პრობლემების გამო”.

 

ერგნეთში მორიგი – 58-ე შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  
   

მასალების გადაბეჭდვის წესი