ახალი ამბები

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის სისტემის სამთავრობო პროექტზე კომპანიებმა უარი თქვეს

30 ივლისი, 2015 • • 1269
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის სისტემის სამთავრობო პროექტზე კომპანიებმა უარი თქვეს

პროექტში მონაწილეობის მიზნით წინასწარი განაცხადი ოთხმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ – შპს „ოპტიკურ–ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი–ფოპტნეტმა“, შპს „გრიინეტმა“, სს „სილქნეტმა“ და შპს „დელტა-კომმა“ გააკეთა, თუმცა საბოლოო ჯამში ქაშიბაძის ინფორმაციით, სრულად პროექტის განხორციელებაზე ყველა მათგანმა უარი თქვა. რატომ მოხდა ასე?

 

“ეს არ ყოფილა ტენდერი… საქართველოს მთავრობას ტენდერი არ გამოუცხადებია მან გამოაცხადა ინტერესთან გამოხატვა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ფულს არ აძლევს კომპანიებს იმისთვის, რომ ეს გააკეთონ… თვითონ უნდა გამოხატონ ინტერესი.


 

… საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ღიააა ბიზნეს-ინიციატივების ხელშეწყობისაკენ. ის ქმნის გარემოს რომ ბიზნესმა მაქსიმალურად მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში, მაგრამ ბიზნესს ვერაფერს დავაძალებთ”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ მთავრობა ბიზნესს პროექტის განსახორციელებლად მაქსიმალურად მოქნილ გარემოს სთავაზობდა.

მაღალსიჩქარიანი ბოჭკოვანი ინტერნეტის გავრცელების შესახებ პროექტი 2015 წლის 15 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე  განიხილეს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობა აცხადებს ინტერესს პროექტის მიმართ. სახელმწიფო არის გამტარი და უზრუნველყოფს ინვესტორის მოძიებას. პროექტში ის ფულს არ ხარჯავს.

 

ეკონომიკის სამინისტროში 2014 წლის 26 დეკემბერს ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზებით უზრუნველყოფას. მემორანდუმს ხელს აწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“, სს „საქართველოს რკინიგზა“ და შპს „საქართველოს ფოსტა, “სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, სსდ „საავტომობილო გზების დეპარტამენტი“, სს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.

 

ხელმომწერები მზადყოფნას გამოთქვამენ დაეხმარონ პროექტში გამარჯვებულ კომპანიას ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების საკუთარ ან სახელმწიფოს საკუთრებაში/სარგებლობაში/ბალანსზე არსებულ ქონებაზე განთავსებაში.


 

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საკონკურსო პირობების ჩამოსაყალიბებლად წარმოდგენილი პირობები და განსაზღვრული ჩარჩო არ იყო მორგებული საქართველოს რეალობაზე და არსებულ ეკოსისტემაზე”, – ეს არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს პოზიციაა ამ საკითხზე, რომელიც ხვალ პრესკონფერენციას გამართავს და საკუთარ ხედვას წარმოაგდენს. ორგანიზაციის განცხადებით, უმთავრესია სწორი და საქართველოს რეალობაზე მორგებული ორიენტირების სწორად განსაზღვრა და ყველა კონტრიბუტორის და დაინტერესებული პირის ინტერესების და შესაძლებლობების ზუსტად ჩამოყალიბება.

 

 

 

“საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ პროექტის გამოცხადების შემდგომ განვლილმა ბოლო შვიდმა თვემ და კონკურსის შედეგებმა დაგვანახა, რომ პროცესი არასწორად, ფრაგმენტულად და ნაჩქარევად იყო დაგეგმილი და შედეგიც შესაბამისი დადგა. რამაც აზარალა პირველ რიგში მომხმარებელი, შემდგომ ბიზნეს სექტორი და სახელმწიფო, რადგან კიდევ ერთი წლით გადავადდა ამ პროცესის დაწყება და შესაბამისად, ქვეყნის ფართოზოლოვანი დაქსელვა და ინტერნეტიზაცია. უმთავრესი პრობლემა, რომელიც უკავშირდება მაღალსიჩქარიანი ქსელის მშენებლობას კომერციულად ნაკლებად საინტერესო ზონებში, სწორედ ფინანსურ საკითხებსა და სახელმწიფოს მონაწილეობასთან არის დაკავშირებული”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.


გარდა საკაბელო სისტემის შექმნისა, მთავრობა მოსახლეობაში კომპიუტერული ცოდნის ამაღლების მიზნით რაიონებში საზოგადოებრივი ცენტრების შექმნის და იაფი კომპიუტერების პროექტსაც აანონსებდა. ქაშიბაძის თქმით, ამ საკითხებზე მუშაობა გრძელდება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანია ინტელთან და ახლო მომავალში ამ საკითხზე პრეზენტაციაც გაიმართება.

 

რაც შეეხება ინტერნეტიზაციას და საკაბელო სისტემას, მისი თქმით, ეს პროექტი მაინც განხორციელდება, თუმცა შესაძლოა მისი უზრუნველყოფა  არა კერძო კომპანიამ, არამედ სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე:

 

“საქართველოს მთავრობა აპირებს საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებას, მათ შორის ჩვენ ვხელმძღვანელობთ ლიტვის გამოცდილებით. ჩვენ ლიტვიდან რამდენიმე დღის წინ სტუმრები გვყავდა, რომლებმაც იქ განახორციელეს ინტერნეტიზაციის პროექტი. იდენტური პროექტი საქართველოშიც განხორციელდება და ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს”, – განაცხადა ქაშიბაძემ.

უფრო ვრცლად ზემოხსენებული პროექტის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი