სამართალი

საკანონმდებლო ცვლილებები მამხილებელს ფუნქციებს უზღუდავს

30 ივლისი, 2015 • • 2306
საკანონმდებლო ცვლილებები მამხილებელს ფუნქციებს უზღუდავს

ახალი კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში დაფიქსირებული კანონის დარღვევისა და ძალაუფლების გადამეტების შესახებ მედიასა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდება არ შეეძლებათ, თუ გადაცდომის შესახებ ისინი ამ საჯარო სამსახურის ხელმძღვანელს, საგამოძიებო ორგანოს, ან სახალხო დამცველს არ მიაწვდის ინფორმაცის.

 

კანონის პროექტს დღეს არსებულ კანონში „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ ცვლილება შეაქვს და უშვებს, რომ მამხილებელმა ინფორმაცია მიაწოდოს მედიას ან არასამთავრობო ორგანიზაციებს, მხოლოდ მას შემდეგ რაც  შესაბამისი საჯარო სამსახური, პროკურორი ან სახალხო დამცველი ამ საკითხზე გადაწყვეტულებას უკვე მიიღებს.

 

კანონის მიხედვით, მამხილებელი არის პიროვნება, რომელსაც აქვს საზოგადოებისათვის მნიშვენლოვანი ინფორმაცია, კანონის ან ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევის შესახებ.

 

მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება მამხილებლის ინსტიტუტის არსს, რადგან იმ სამსახურის ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება, რომლის წინააღმდეგაც მამხილებელს აქვს ინფორმაცია, აბსურდს უტოლდება.

 

თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის მიხედვით, ამა თუ იმ საჯარო სამსახურმა შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს თავის თანამშრომელზე. ხოლო ვალდებულება, რომ საჯარო სამსახურის გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 თვის შემდეგ შეეძლება ინფორმაციის გასაჯაროვება, მედიას ინფორმაციის წყაროს მოაკლებს.

“ეს ცვლილებები ნიშნავს მამხილებლის ინსტიტუტის გაუქმებას”, – ამბობს თამარ კინწურაშვილი.

 

კინწურაშვილი იხსენებს, რომ როდესაც საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში მამხილებლის ინსტიტუტი შემოვიდა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ “მე-19 მუხლი”, ეს ნოვაცია დადებითად შეაფასა.

 

ორგანიზაცია განმარტავდა, რომ მამხილებლები არიან ადამიანები, რომლებიც ფლობენ კონფიდენციალურ ინფორმაციას და შესწევთ შესაძლებლობა გამოამჟღავნონ ან თავიდან ააცილონ საზოგადეობას კანონის დარღვევა.

 

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მამხილებელს შეუძლია არ გაამჟავრნოს საკუთარი ვინაობა. მხილება შეიძლება განხორციელდეს წერილობით და ზეპირად, ტელეფონით, ფაქსით ან სხვა საშუალებებებით. კანონპროექტის მიხედვით, აკრძალულია მამხილებლის ან მისი ნათესავის დევნა და შევიწროება.

 

თუმცა, საქართველოს მაგალითზე, შსს-მ პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან მან გაასაჯაროვა ინფორმაცია. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე სამინისტროს რიგებიდან კიდევ 9 თანამშრომელი დაითხოვა.

 

რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ პოლიციელ თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რამაზ დევაძემ საზღვარი გადაკვეთა.

 

რუსლან ბაზიაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას განმარტა, რომ მან ინფორმაციის გასაჯაროვების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქართველოში არსებული კრიმინალური ვითარება დაფარულია.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშრისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიაჩნია, რომ არსებული კანონი პრაქტიკაში არაეფექტურია, რადგან იგი სამინისტროებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და პროკურატურას არასოდეს გამოუყენებია.

 

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება მამხილებელთა დაცვის სამართლებრივ დებულებებთან დაკავშირებით.

                       

ორგანიზაციის აზრით, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირების შესაძლებლობის შემზღუდავი პუნქტის კანონიდან უნდა ამოიღონ.

 

“ასეთი შემზღუდველი ვადის დაწესებას საერთაშორისო პრაქტიკაში ანალოგი არ მოეძებნება. ეს მოთხოვნა მხილებას არაეფექტურ ინსტრუმენტად აქცევს საზოგადოებრივი ინტერესის დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. მამხილებლის მიერ გამჟღავნებული ინფორმაცია საზოგადოებრივი ინტერესის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეიძლება შეეხებოდეს და, შესაბამისად, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვდეს”, – აცხადებს საერთაორიოს გამჭვირვალობა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” განცხადებით, კანონპროექტი მამხილებლად უნდა მიიჩნევდეს არამარტო ამთავრობო სექტორის მხოლოდ მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს, არამედ დროებით დასაქმებულ მუშაკებს, კონტრაქტორებსა და სტაჟიორებს, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ პირებსაც.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში მხილების შესახებ სპეციალური კანონმდებლობა ჯერ მიღებული არ არის, იმის მიუხედავად, რომ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი ადგენს, რომ მხილება ზემოაღნიშნულ ორ უწყებაში სპეციალური კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს.

 

ხოლო იმ შემთხვევაში თუ მამხილებლის დევნა-შევიწროებას დაიწყებს საჯარო სამსახური. კანონდებლობამ კომპენსაციის სისტემა უნდა შემოიღოს.

კანონპროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველო პარლამენტში ერთი მოსმეენით მიიღეს. პლენარულ სხდომაზე სავარაუდო განხილვის თარიღად 2 სექტემბერია მითითებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი