ახალი ამბები

ფერმერები აგროწარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნობიან

28 ივლისი, 2015 • • 1309
ფერმერები აგროწარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნობიან

ორგანიზაციის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბროშურები მომზადდა კარტოფილის, თხილისა და სიმინდის წარმოების ეფექტურ ტექნოლოგიებზე, ასევე, პირუტყვის მოვლის, რძის ჰიგიენისა და პირველადი დამუშავების შესახებ.


ამავე განცხადების მიხედვით, ბროშურები განკუთვნილია ფერმერებისთვის, ვისაც სურს გაეცნონ მცენარეთა და ცხოველთა მოვლის თანამედროვე მეთოდებს. ბროშურაში დეტალურად არის აღწერილი კულტურების მოყვანის ფაზები. დიდი ყურადღება ეთმობა ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების კვლევასა და წარმოების ტექნოლოგიების გაცნობას და შეიცავს რეკომენდაციებს დაავადებების საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამ ყოველივეს ცოდნა კი ფერმერების მიერ ნაწარმოები პროდუქციის ხარისხხის გაუმჯობესებისა და მოსავლიანობის ზრდის გარანტია. თითოეული თემატური ბროშურა რამდენიმე ათას ეგზემპლარად დაიბეჭდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში გავრცელდა.


„ფერმერებს ბროშურები ურიგდებათ ჩვენს საკონსულტაციო ცენტრებში, ასევე, საველე გასვლებისა და მუნიციპალიტეტებში შეხვედრების დროს. ცოტა ხნის წინ იუსტიციის სახლის რაიონულ ცენტრებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდები დაიდგა, სადაც ყველა მსურველს შეუძლია აიღოს სასურველი საინფორმაციო მასალა“, – ამბობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა კერესელიძე.


ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული ბროშურა ინტერაქციულია: რეკომენდაციების გაცნობის შემდეგ მკითხველს შეუძლია შეავსოს კითხვარი, რომელიც ბოლო გვერდზეა მოთავსებული, შეაფასოს განხილული საკითხების სარგებლიანობა და დააბრუნოს ახლომდებარე სასინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოხდება მონაცემების დამუშავება, რაც მათ დაეხმარებათ საკონსულტაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია უახლოეს მომავალში გეგმავს მსგავსი ბროშურების მომზადებას ვაშლისა და მანდარინის წარმოების, ასევე, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებების პრევენციისა და ცხვრისა და თხის მოვლა-შენახვის საკითხებზე.


ბროშურების ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.enpard.ge.


ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის – FAO ტექნიკური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები გაიხსნა. 2013 წლიდან მოყოლებული, რაიონების მასშტაბით 54 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი დაარსდა, აქედან 9 რეგიონალური ცენტრია. ორგანიზაციის განცხადებით, FAO – ს ხელშეწყობით მოხდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონსულტანტების გადამზადება და ცენტრების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. საინფორმაციო- საკონსულაციო ცენტრების მეშვეობით 250, 000 ფერმერმა მიიღო საჭირო ინფორმაცია, რაც ფერმერთა საერთო რაოდენობის 30-40%-ია. FAO-ს დახმარებით საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით ფერმერებისთვის გავრცელდა ვიდეოგაკვეთილები მებოცვრეობაზე, რძის რეგლამენტსა და სილოსის მოყვანაზე. ვიდეოები ასევე რუსულ ენაზეც ითარგმნა და სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ფერმერებს დაურიგდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი