ახალი ამბები

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა შემცირდა

28 ივლისი, 2015 • • 1106
საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა შემცირდა

“მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა 2015 წლიდან, როდესაც დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია შემოიღო. ახალი მეთოდოლოგიის შემოღების მიზეზად ჯანდაცვის მინისტრმა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 10-ლარიანი დანამატის შემოღება დაასახელა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მთავრობის სპეციალური დადგენილებით, საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დევით სერგეენკოს არასწორი მეთოდოლოგიის გამო უსახსროდ დარჩა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.


ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ  24 ივლისს მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა პერიოდულად იცვლება, თუმცა, ამჟამად, მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველთა რიცხვი, დაახლოებით, 460 ათასია. დავით სერგეენკოს განმარტებითვე, თვეში სოციალურად დაუცველთა შედინება-გადინება, დაახლოებით, 5 ათასის ფარგლებში მერყეობს. 

 

თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკის შესაბამისად, მიმდინარე წლის ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 377,971-ია, რაც რამდენიმე ათეული ათასით ნაკლებია ამავე წლის იანვრის მონაცემზეც [418 717]. 


სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდოლოგიაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მორიგ ცვლილებებს ატარებს. სოციალური დახმარების ახალი სისტემა მაისიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. ახალი სისტემა ძირითადად ორიენტირებულია მრავალსულიან და ბავშვიან ოჯახებზე, რაც გაეროს ბავშვთა ფონდის ძირითადი რეკომენდაცია იყო.

 

“რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი. შედეგების დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სისტემა გარკვეულ კორექტივებს საჭიროებს, რადგან ქულების დათვლის ახალი სისტემა პირველ რიგში მარტოხელა პენსიონერებს აზარალებს. უკვე იდენტიფიცირებულია პროგრამის სუსტი წერტილები. ახლანდელი ცვლილებების მიხედვით გაიზრდება პენსიონერის შეფასების კოეფიციენტი, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს აღუდგინოს დახმარება იმ პირებს,რომლებსაც დროებით შეუწყდათ შემწეობა და აუცილებლად საჭიროებენ დახმარებას. მომზადდა შესაბამისი ცვლილებები, რომელიც განხილული იქნება მთავრობის უახლოეს სხდომაზე და მიღების შემთხვევაში 1 აგვისტოდან შევა ძალაში”, – წერია სამინისტროს ვებ-გვერდზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი