ხელოვნება

’23’ – ფილმი მოზარდზე, რომელიც საკუთარ გენდერულ იდენტობას ეძებს [ვიდეო]

28 ივლისი, 2015 • • 2520
’23’ – ფილმი მოზარდზე, რომელიც საკუთარ გენდერულ იდენტობას ეძებს [ვიდეო]

ფილმი შეეხება 5 წლის ბიჭს, რომელიც პომადითა და თოჯინით თამაშობს, ხოლო დედა ცდილობს, რომ მისი შვილი თავისი ბიოლოგიური სქესის შესაბამისად აღზარდოს: ჩააცვას ბიჭის ტანსაცმელი და აუკრძალოს თოჯინებით თამაში.

ფილმის რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ფილმის სახელწოდება შეარჩიეს 2014 წელს მოკლული ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის ხსოვნის პატივსაცემად, ვისაც ეს ფილმი ეძღვნება.

იმის მიუხედავად, რომ ფილმი საბი ბერიანს ეხება, ეს არ არის საბი ბერიანის პროტოტიპი, ამბობს გურამ მაცხონაშვილი:

 

კადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან '23'

“ეს არის ისტორია ბიჭისა, რომელიც ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია, ემოციურ ზღვარზეა, როდესაც საკუთარ თავს ჯერ ვერ პოულობს.”

ავტორის თქმით, ფილმში წარმოჩენილია ოჯახის, მედიისა და ეკლესიის ნეგატიური როლი ადამიანის თვითგამორკვევის წინააღმდეგ. ფილმში მედია დომინანტი მოძალადეა, მედიუმი, რომელსაც ოჯახში მღვდლისა და ჟურნალისტის აზრებს ახმიანებს. 

გურამ მაცხონაშვილის მოსაზრებით, ქართული მედია ტრანსგენდერებსა და საერთოდ, გეი, ბისექსუალი და ლესბოსელი თემის წევრებს როგორც ეგზოტიკას, ისე უყურებს, რომელიც უცხოა და საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის, იმის ნაცვლად, რომ წინა პლანზე წამოსწიოს ადამიანი.

 

კადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან ’23’

ფილმის “23” “ქალთა ფონდის” კონკურსში გამარჯვებული პროექტია, რომელიც ლბტ ქალების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. ფესტივალების გარდა, აპირებს, რომ სკოლებში უფროსკლასელებთან გამართოს ჩვენებები ფსიქოლოგისა და კინომცოდნის თანხლებით.

ფილმში მონაწილეობენ სანდრო დადაშიანი, სოფი ფერაძე და გივი ქუსიკაშვლი.

ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველმა ნათია გვიანიშვილმა საბი ბერიანი გაიხსენა, რომელსაც, მისი თქმით, რამდენჯერმე შეხვედრია, თუმცა მისი მკვლელობის შემდეგ საბის დედაც გაიცნო.

ნათიას თქმით, ხდება დადებითი მოვლენებიც, რადგან წინააღმდეგობების მიუხედავად ოჯახის წევრები მეტ-ნაკლებად ეგუებიან საკუთარი შვილების იდენტობას.

“საბის დედა გაცილებით უფრო ღია გახდა, რადგან გაიაზრა, რომ მისი შვილის ბედნიერება ყველაზე მნიშვნელოვანია”, – ამბობს ნათია.

ის ასევე იხსენებს, რომ საბის გარდაცვალების შემდეგ მის სოფელში ჩასულს მოლოდინი ჰქონდა, რომ სოფელი საბის ოჯახს ზურგს შეაქცევდა, თუმცა აღმოაჩინა, რომ საბის თანასოფლელმა ორმა ქალმა საუბრისას ისიც თქვეს, რომ შარვალ-კოსტუმში კი არა, როგორც უყვარდა ჩაცმა, ისე უნდა დაეკრძალათო.

კადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან ’23’

მასალების გადაბეჭდვის წესი