ახალი ამბები

ომბუდსმენი: „თბილისი 2015“–ის ორგანიზატორებმა სსმ პირთა საჭიროებები არ გაითვალისწინეს

27 ივლისი, 2015 • • 894
ომბუდსმენი: „თბილისი 2015“–ის ორგანიზატორებმა სსმ პირთა საჭიროებები არ გაითვალისწინეს

ომბუდსმენი აცხადებს, რომ საქართველოში სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენს სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა განსაკუთრებული მოთხოვნების იგნორირება.

 

“არაადაპტირებული გარემო და პირობები ხშირად ხდება ამ პირთა დისკრიმინაციის საფუძველი”, – წერია სახალხო დამცველის დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

 

ომბუდსმენი გამოეხმაურა “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2015 წლის 26 ივლისს ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალის, „თბილისი 2015“–ის ორგანიზატორებმა ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე დასწრების მსურველი სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მოთხოვნები არ გაითვალისწინეს.

 

მედიის ცნობით, ეტლით მოსარგებლე ადამიანებს შეექმნათ დაბრკოლება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თავისუფლად შესვლის, გადაადგილებისა და ღონისძიებაზე დასწრების პროცესში.

 

სახალხო დამცველი ასევე იხსენებს, რომ 2015 წლის 12 თებერვალს სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს მიმდინარეობის დროს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით პირის პირდაპირი დისკრიმინაცია მოხდა.

 

ომბუსდმენმა გასულ კვირას რეკომენდაციით მიმართა ღონისძიების ორგანიზატორს – შეიმუშავოს შიდა დოკუმენტი (დებულება/წესები/პრინციპები), რომლითაც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების დროს სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მასში ღირსეულად მონაწილეობის ხელშეწყობის პრინციპები.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებას, გაითვალისწინოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, – სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის უზრუნველყოს ფიზიკური გარემოს, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა, დისკრიმინაციის გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი