ახალი ამბები

ოლიმპიადის გახნის ცერემონიაზე ფინალურ სიმღერას ნუცა ბუზალაძე და დუეტი ჯორჯია შეასრულებენ

26 ივლისი, 2015 • • 2585
ოლიმპიადის გახნის ცერემონიაზე ფინალურ სიმღერას ნუცა ბუზალაძე და დუეტი ჯორჯია შეასრულებენ

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა, რომელიც არის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიის ორგანიზატორი, ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა, რომ ფესტივალს ირმა ნიორაძე გახსნის მედეას როლით, ხოლო იაზონის როლს სუხიშვილების ანსამბლის წევრი შეასრულებს.

 

საზეიმო გახსნის ცერემონიის რეჟისორი გოჩა კაპანაძე ამბობს, რომ ფესტივალის სლოგანია ნაბიჯი მომავლისკენ და დღევანდელი სანახაობა აჩვენებს საქართველოს წარსულს და მომავალს.

 

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებაში ფინალურ სიმღერას შეასრულებენ მომღერალი ნუცა ბუზალაძე და დუეტი ჯორჯია. ბუზალაძე ქართულ ტელესივრცეში პოპულარული 2013 წლიდან გახდა, როცა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში მუსიკალურ კონკურში “ერთი ერთში“ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ კონკურსის ერთ-ერთ ტურში მან “ერთი-ერთში” შეასრულა ბერა ივანიშვილის სიმღერა. ბუზალაძე 2014 წელს გახდა იურმალაში კონკურს “ახალი ტალღის” გამარჯვებული. დუეტი ჯორჯია, რომელიც ამ დროისთვის დაშლილია, “იურმალა 2008”-ის გამარჯვებულია.

ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე

 

დღეს, 26 ივლისს, 20:15 საათზე, თბილისში, ლოკომოტივის სტადიონზე, მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” გაიხსნება.

 

ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, 27 ივლისიდან – 1 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში კონტინენტის 50 ქვეყნის 3800-მდე 14-18 წლის სპორტსმენი ერთმანეთს შეეჯიბრება სპორტის 9 სახეობაში, ესენია: ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.

 

სტადიონზე მოსული მაყურებელი იხილავს მასშტაბურ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას 1500 ადამიანი მიიღებს. მიხეილ მესხის სტადიონზე მოხვედრა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

 

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ვაკის პარკში დამონტაჟდება მონიტორი, რომლის საშუალებითაც მსურველები პირდაპირ ეთერში შეძლებენ გახსნის ცერემონიას თვალი ადევნონ.

 

თბილისში ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება 2010 წლის 27 ნოემბერს გადაწყდა, როცა ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 39-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელშიც კონტინენტის 50 ქვეყნის ეოკ-თან ერთად საქართველოც მონაწილეობდა.

 

თბილისი თუ ჩეხეთის ქალაქი ბრნო? ასამბლეაზე ევროპის ოლიმპიურ ოჯახს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ამ ორი კანდიდატიდან რომელი ქალაქისთვის მიენიჭებინა 2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება. ფარული კენჭისყრის შედეგად თბილისმა კონკურენტს ხუთი ხმით აჯობა (26-21).

მასალების გადაბეჭდვის წესი