ახალი ამბები

26 ივლისს თბილისში მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნება

26 ივლისი, 2015 • • 1293
26 ივლისს თბილისში მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნება

ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, 27 ივლისიდან – 1 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში კონტინენტის 50 ქვეყნის 3800-მდე 14-18 წლის სპორტსმენი ერთმანეთს შეეჯიბრება სპორტის 9 სახეობაში, ესენია: ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.

 

ოლიმპიური ფესტივალისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდა სპორტული ინფრასტრუქტურა და აშენდა ოლიმპიური სოფელი.

 

გახსნის ცერემონია მოიცავს ოფიციალურ და შოუს ნაწილს. ოფიციალურ ნაწილში სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი გამოვლენ.

 

სტადიონზე მოსული მაყურებელი იხილავს მასშტაბურ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას 1500 ადამიანი მიიღებს. მიხეილ მესხის სტადიონზე მოხვედრა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

 

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ვაკის პარკში დამონტაჟდება მონიტორი, რომლის საშუალებითაც მსურველები პირდაპირ ეთერში შეძლებენ გახსნის ცერემონიას თვალი ადევნონ.

 

თბილისში ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება 2010 წლის 27 ნოემბერს გადაწყდა, როცა ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 39-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელშიც კონტინენტის 50 ქვეყნის ეოკ-თან ერთად საქართველოც მონაწილეობდა.

 

თბილისი თუ ჩეხეთის ქალაქი ბრნო? ასამბლეაზე ევროპის ოლიმპიურ ოჯახს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ამ ორი კანდიდატიდან რომელი ქალაქისთვის მიენიჭებინა 2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება. ფარული კენჭისყრის შედეგად თბილისმა კონკურენტს ხუთი ხმით აჯობა (26-21).

ოლიმპიური ჩირაღდანი თბილისში, 2015, ფოტო: tbilisi2015.com
ოლიმპიური ჩირაღდანი თბილისში, 2015, ფოტო: tbilisi2015.com

მასალების გადაბეჭდვის წესი