ეკონომიკა

კონფლიქტის საზღვართან მდებარე ხურჩაში გაზიფიცირება დასრულდა

25 ივლისი, 2015 • 1013
კონფლიქტის საზღვართან მდებარე  ხურჩაში გაზიფიცირება დასრულდა

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის 9 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა და სრული დაქსელვა განხორციელდა. თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც სოფელ ხურჩაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს.

 

ხურჩაში გაზიფიცირების სამუშაოები “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” შეასრულა. დღეისათვის კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების მიზნით სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამ სოფელში მცხოვრები ოჯახებისთვის სახლში გაზის შეყვანა და ერთი წერტილის მიერთება უფასოდ ხორციელდება.

გაზიფიცირების სამუშაოები სოფელი ხურჩაში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულდა.  

 

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ამ პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდა გამყოფ ხაზთან მდებარე 33 სოფელი.

 

პროექტის განსახორციელებლად, რომელიც 2014 წელს დაიწყო,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში.

 კახა კალაძე ხურჩაში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრო. 25/07/2015 ფოტო: ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური
კახა კალაძე ხურჩაში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრო. 25/07/2015 ფოტო: ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი