ახალი ამბები

პრეზიდენტი საბანკო ზედამხედველობის კანონს ნეგატიურად აფასებს, თუმცა ჯერ ვეტოს არ ადებს

23 ივლისი, 2015 • • 1070
პრეზიდენტი საბანკო ზედამხედველობის კანონს ნეგატიურად აფასებს, თუმცა ჯერ ვეტოს არ ადებს

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ ხელმოსაწერად შემოვიდა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას.


საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გამოთქმულა ნეგატიური პოზიცია, პირველ რიგში პროცესზე, თუ როგორ განვითარდა და მოხდა აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება, ასევე როგორ გრძელდებოდა ეს პროცესი. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც იყო ასოცირების დღის წესრიგის დარღვევა და, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის განკარგულების დარღვევა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერდა ხელს.


ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი პროფესიული არგუმენტი, თუ რატომ ხდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკიდან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ წარმატებულად შეფასებული საბანკო ზედამხედველობის გამოყოფა.


დღეს, როდესაც უკვე მესამე მოსმენით მიღებულ ჩვენთვის ხელმოსაწერად გადმოცემულ კანონპროექტს ვეცნობით,  ნათლად ჩანს, რომ ჩვენ მიერ დასმული კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. პრეზიდენტის დავალებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით მიმდინარე პროცესს და ყველა შესაბამის ეტაპზე ძალიან ღიად ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას. დღესაც ვაცხადებ, რომ კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.


საქართველოს პრეზიდენტი წარმოდგენილ ცვლილებებს  ნეგატიურად აფასებს. ჩვენთვის წარმოდგენილი კანონპროექტსთვის მოტივირებული შენიშვნების კანონპროექტის სახით ჩამოსაყალიბებლად შემუშავდა კანონპროექტის სამუშაო ვერსია, რომელიც მოტივირებული შენიშვნების სახით უნდა გაეგზავნოს პარლამენტს.  აღნიშნული სამუშაო ვერსია შეიქმნა სავალუტო ფონდის ორი პროგრამის, „Safeguard“-ისა და „FSAP“-ის  რეკომენდაციებზე დაყრდნობით.


პრეზიდენტის დავალებით ვიწყებ  ათდღიან პროცესს, რომ ვაწარმოო შესაბამისი კონსულტაციები ხსენებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით.  ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის 2.5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, დოკუმენტს ვუგზავნი ევროკავშირის წარმომადგენლობას, ასევე,  საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომელთა მოსაზრებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კანონპროექტის სამუშაო ვერსია ეგზავნება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების, აზიის განვითარებისა და მსოფლიო ბანკებსაც.


ასევე, ათი დღის განმავლობაში გავმართავ კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე, ეკონომიკის ექსპერტებთან,  ესენი არიან ჯგუფები, რომლებიც ყველაზე ნეგატიურად აფიქსირებდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლბოაში განსახორციელებელ ცვლილებებს. პროცესის დასასრულს, მომდევნო კვირაში საქართველოს ეროვნულ ბანკში გავმართავ შეხვედრას  ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს საბჭოს წევრებთან“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.


პროცედურულად პრეზიდენტს 10 დღე აქვს იმისათვის, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს და საკანონმდებლი უწყებას თავისი ალტერნატიული წინადადება შესთავაზოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი