ახალი ამბები

ომბუდსმენი: თბილისის ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში ფსიქოლოგის შტატი არ არის

23 ივლისი, 2015 • • 1195
ომბუდსმენი: თბილისის ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში ფსიქოლოგის შტატი არ არის

მონიტორინგის შედეგად, როგორც ომბუდსმენის განცხადებაში წერია, გამოვლინდა, რომ თავშესაფრებში არსებული მდგომარეობა კეთილსაიმედოა.

 

“აშკარაა, რომ თავშესაფრის ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს ბენეფიციართა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. თუმცა გამოიკვეთა რიგი პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სერვისის მიწოდების ხარისხს”.

 

აქვე ნათქვამია, რომ დაწესებულებას არ აქვს სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც უნდა იყოს მოწყობილი საცხოვრებელი და განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესები.

 

“ამასთან აღსანიშნავია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემებიც. არც ერთი თავშესაფარი არ არის ადაპტირებული შშმ პირთათვის და მათი განთავსება საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში ფაქტიურად შეუძლებელია”.

 

პრობლემას, როგორც განცხადებაში წერია, წარმოადგენს ასევე თავშესაფარში გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირთა განთავსება.

 

“თავშესაფრების შინაგანაწესის მე–6 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, თავშესაფარში პირი არ მიიღება იმ შემთხვევაში, თუ: „უშუალოდ მისგან  არსებობს პოტენციური რისკი სხვა ბენეფიციარებისათვის“. თავშესაფრების ინფრასტრუქტურა არ არის მოწყობილი იმგვარად, რომ გადამდები ინფექციური დაავადებების შემთხვევაში რისკების თავიდან აცილება მოხდეს. ასევე გამოვლინდა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პრობლემები. თბილისის თავშესაფარში არ არის გათვალისწინებული ფსიქოლოგის შტატი”. 

 

მონიტორინგის შედეგად მომზადებული სპეციალური ანგარიში და რეკომენდაციები  2015 წლის 21 ივლისს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გაეგზავნა შემდგომი რეაგირებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი