ახალი ამბები

კანონი კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ – აქცია Stop Russia-ს ერთ-ერთი მოთხოვნა

18 ივლისი, 2015 • • 1247
კანონი კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ – აქცია Stop Russia-ს ერთ-ერთი მოთხოვნა

“საქართველოს ტერიტორიების დამპყრობელთან, ოკუპანტთან თანამშრომლობა დასჯადი უნდა იყოს რაღაც ფორმით. ის, ვინც თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციასთან ღიად, იღებს მის დაფინანსებას, ეწევა რუსეთის სპეცსამსახურების პროპაგანდას და ჩართულია რუსეთის სასაგრბელო ანუ კოლაბორაციონისტულ საქმიანობაში… ეს საკითხი უნდა იყოს საპარლამენტო განსჯის საგანი, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ შემცირდეს რისკები. თუ მეხუთე კოლონა ღიად იმოქმედებს და დამპყრობელს ქვეყანაში თავისუფლად მოქმედი მოკავშირე ეყოლება, ბუნებრივია, წარმატების უფრო მეტი შანსი ექნება”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში იურისტი ოთო კახიძე, რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

 

საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ისედაც აკრძაული ქმედებაა. რა საჭიროა კანონი კოლაბირაციონიზმის წინააღმდეგ, თუ ჯაშუშობა ისედაც დასჯადია? – იურისტი საკითხს ასე განმარტავს:

 

“ჯაშუშობა არის ინფორმაციის შეგორვება და შემდგომ მიწოდება, მაგრამ ის, რაც ეხება მუშაობას მტერ სახელმწიფოზე, მისგან დაფინანსების მიღებას, მისი ინტერესების გატარებას, მისი რიტორიკის გამეორებას, მის სასარგებლოდ პირების რეკრუტურებას, მანიფესტაციების გამართვას, ანუ რაც ეხება იმ საკითხებს, რომლებიც პირდაპირ არის რუსეთის ინტერესებში – ეს საკითხები შესასწავლია. მე არ ვამბობ, რომ ეს სისხლის სამართლის კოდექსით უნდა იყოს დასჯადი. ეს ნიშნავს, იმას რომ ეს თემა არის დასარეგულირებული იმისთვის, რომ რუსული ინტერესები თავისუფლად არ ტარდებოდეს საქართველოში. დღეს ეს თემა სრულიად მოშლილია. ღიად პრორუსლი ძალები აყენებენ მოთხოვნებს, მართავენ მანიფესტაციებს, იყენებენ მტრის სიმბოლიკას. საკითხები ძალიან მრავალმხრივია და მას თუ არ მივხედეთ… იგივე დასავლეთში, ევროკავშირში ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახლავთ ის, რომ რუსეთის რბილი ძალის მიმართ ზომები უნდა იქნას მოფიქრებული, თუნდაც კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მიმართ, როდესაც  რუსული არხებით აქვს ადგილი პირდაპირ პროპაგანდას. ეს საკითხები როგორ უნდა დარეგულირდეს და რა პასუხი უნდა გასცეს კანონმა და სახელმწიფომ ღიად მტერ სახელმწიფოზე მომუშავე ფიგურანტებს, საპარლამენტო დისკუსიის საგნად უნდა იქცეს და გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა მოექცეს”, – ამბობს იურისტი.

 

მისივე თქმით, საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინმეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს იმის გამო, რომ რომელიღაც სახელმწიფოს უთანაგრძნობს.

 

“ეს არ ეხება აზრის შეზღუდვას, მაგრამ როცა რუსეთის ინტერესებზე ღიად მუშაობას აქვს ადგილი, ეს საკითხი დასარეგულირებულია, რა შეიძლება გაკეთდეს, საფრთხე რომაა, ყველანი ვხვდებით”.

 

რუსეთის ინტერესებზე მუშაობა საკმაოდ ფართო საკითხია, რისი ინტერპრეტირებაც სხვადასხვანაირად შეიძლება. ოთო კახიძე ამბობს, რომ მათ საკანონმდებლო წინადადებები და შესაბამისი კანონპროექტი, სადაც მკაფიოდ იქნება ყველა დეტალი გაწერილი, მომზადებული არ აქვთ. მისი თქმით, ისინი პარლამენტს სთავაზობენ ამ საკითხზე მსჯელობას. კითხვას, რა მოტივაციით უნდა შეიზღუდოს პრორუსული შინაარსის მანიფესტაცია ან გაერთიანების ჩამოყალიბება, როცა გამოხატვის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია იცავს, იგი პასუხობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას არც ისინი ითხოვენ. მისი თქმით, ამ საკითხებზე გაკრვეულ შეზღუდვებს საქართველოს კონსტიტუციაც ითვალისწინებს, როდესაც საქმე ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვას ეხება:

 

“მე არ ვთვლი, რომ ვიღაცას უნდა აეკრძალოს… შეიძლება გარკვეული შეზღუდვების მოფიქრება: მაგალითად, თუ ფუძნდება ორგანიზაცია/გაერთიანება,  რომლის მიზანიცაა საქართველოს რუსეთთან შეერთება, ის უნდა შეიზღუდოს… თუ მიმდინარეობს მიტინგი მოთხოვნით რუსეთის ჯარი შემოვიდეს საქართველოში, ამგავრი გამოხატვაც შეიძლება შეიზღუდოს, ეს არ არის აბსოლუტური უფლება. გააჩნია როგორი საფრთხეებია. ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ იღებენ დაფინანსებას რუსეთის სპეცსმსახურების სახსრებით, ესეც შეიძლება შეიზღუდოს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს დისკუსიის საგანი გახდეს, რათა აქ მეხუთე კოლონა არ ჩამოყალიბდეს”.

 

კითხვას, საუბარია დაფინანსებაზე რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტებიდან, თუ რუსული ფონდებიდანაც, რომლის უკანაც ასევე რუსეთის სახელმწიფო დგას, იგი პასუხობს:

 

“სპეცსამსახურების თანხები შეიძლება ფონდებიდანაც მოდიოდეს. საქართველოს სპეცსამსახურბემა უნდა შეისწავლონ ეს თემა. თუმცა ეს საკითხები უკვე განხილვის შემდგომი თემაა. რუსეთის ინტერესების ღიად გატარება – ამ პრობლემას სჭირდება საკნაონმდბელო რეგულირება, რათა შესაბამისი ჩარჩო იქნას მოფიქრებული, რა თქმა უნდა, იმ ბალანსის დაცვით, რომ არ მოხდეს ადამიანის ფუნდამნეტური უფლებების დარღვევა, მაგრამ ამავე დროს ვადლებულნი ვართ სახელმწიფო დავიცავთ აგრესიიგან, რომელიც ხორციელიდება როგორც რბილი, ისე ხისტი ძალით”, – ამბობს იგი.

 

გარდა კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ კანონმდებლობის შემუშავებისა, აქციის მოთხოვნებია:  შეწყვიტოს აბაშიძემ კარასინთან პირისპირ საუბარი; ყველა მოლაპარაკება მოსკოვთან წარიმართოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით.

 

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 18:00 საათზე დაიწყება. აქციას უერთდებიან ტაბულაRustavi 2, თავისუფლების ინსტიტუტი, მედიის განვითარების ფონდი, MDF, ფონდი ALPE, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS – Georgia’s Reforms Associatesსაქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiativeტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDIჩვენი თავისუფლება, სამოქალაქო ალტერნატივა, არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი.

მასალების გადაბეჭდვის წესი