ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო: ფედერაციას 55 ბილეთი დაშავებული სამხედროებისთვის ვთხოვეთ

13 ივლისი, 2015 • 1081
თავდაცვის სამინისტრო: ფედერაციას 55 ბილეთი დაშავებული სამხედროებისთვის ვთხოვეთ

როგორც თავდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ (ამპუტირებულ) სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ სურვილი 2015 წლის 11 აგვისტოს უეფას სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასწრების. უწყების ცნობით, ამ ადამიანებს არ შეუძლიათ რიგში ჩადგომა და იქ მისვლა.

 

”თხოვნით მივმართეთ ფედერაციას, რომ დახმარება აღმოგვიჩინონ ამ დაჭრილებისთვის და 55 ცალი ბილეთი მოეცათ. მინისტრის თხოვნა იყო, რომ სიურპრიზი გაგვეკეთებინა დაჭრილებისთვის. რახან მედია დაინტერესდა, თავისთავად, ეს სიურპრიზი აღარ გამოვა, სამწუხაროდ. ფედერაციიდან პასუხი არ მიგვიღია. სამინისტროს თანამშრომლებისთვის არა, მხოლოდ დაჭრილი ჯარისკაცებისთვის გვინდოდა ბილეთები,” – გვითხრეს თავდაცვის სამინისტროში.

 

კითხვაზე, სულ რამდენი სამხედრო მოსამსახურეა ისეთი, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიების დროს არის დაშავებული და არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, თავდაცვის სამინისტროში გვიპასუხეს: ”ჩვენ გვაქვს 55-ზე გაგზავნილი მოთხოვნა.”

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ადასტურებენ, რომ სახელმწიფო უწყებები და კერძო ორგანიზაციები მათგან უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვას კორპორაციული წესით ითხოვენ და ფედერაციაში უკვე შესაბამისი უამრავი წერილი აქვთ მიღებული.

 

კონკრეტულად, თავდაცვის სამინისტროდან თუ მიიღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის 55 ბილეთზე მოთხოვნა, ფეხბურთის ფედერაციაში არ გვიპასუხეს. GFF ჯერჯერობით არ აპირებს მიღებული წერილების გასაჯაროებას. ფედერაციაში განგვიცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ინტერნეტში თავადვე გაავრცელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი