ახალი ამბები

“დინამო თბილისის” განცხადება “გაბალასთან” მატჩის ინციდენტზე

10 ივლისი, 2015 • • 2094
“დინამო თბილისის” განცხადება “გაბალასთან” მატჩის ინციდენტზე

“პირველ რიგში მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა გულშემატკივარს, რომელიც გუშინ თბილისიდან გაბალაში დინამოს მხარდასაჭერად ჩავიდა და გუნდს მთელი 90 წუთის მანძილზე მხარში ედგა, და მათაც, ვინც საქართველოდან გვქომაგობდა.

არ შეგვიძლია არ გამოვეხმაუროთ გუშინ გაბალას ცენტრალურ სტადიონზე მომხდარ ფაქტებს, რომელთა დროული აღკვეთა, თბილისური მატჩისგან განსხვავებით, ადგილობრივმა სამართალდამცვამა ორგანოებმა, სამწუხაროდ, ვერ შესძლეს.

90 წუთის მანძილზე სტადიონზე რთული ვითარება იყო და მატჩის მიმდინარეობა მუდმივი საფრთხის ქვეშ იდგა, რასაც ხელს უწყობდა მაყურებელთა უკონტროლო ჯგუფების პროვოკაციული ქმედებები. მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა ქვეყნისა და კლუბის შეურაცხმყოფელი დროშები, რომლებიც უეფას დელეგატის მითითებისა და ჩამორთმევის შემდეგ კიდევ ორჯერ დაბრუნდა ტრიბუნაზე. ასევე, მეორე ნახევრის დასაწყისში მოედნის აღმოსავლეთ მხარეს დაწვეს საქართველოს ეროვნული დროშა, ხოლო მატჩის შემდეგ ადგილბრივმა ქომაგებმა ჩაამსხვრიეს თბილისელ გულშემატკივართა ავტობუსის მინები.

ზემოხსენებულ ფაქტებზე არსებობს ფოტო და ვიდეომასალები, რაც უეფას სადისციპლინო კომიტეტს გაეგზავნება. იმედი გვაქვს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გუშინ მომხდარ მოვლენებს სრული სიმკაცრით მოეკიდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მეტოქე გუნდის ხელმძღვანელობაც ადეკვატურ შეფასებას მისცემს და დაგმობს გუშინდელ ქმედებებს.

ასევე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ მოთამაშეებს, რომლებმაც აღნიშნული რთული სათამაშო ფონის და ზედიზედ მეორე მატჩში კაცნაკლულობის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკთეს იმისათვის, რომ დინამო შემდეგ ეტაპზე გასულიყო. 

იმედი გვაქვს, რომ მომავალში მსგავსი ხასიათის ინციდენტების წახალისება არ მოხდება და ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებთან შეჯიბრებები სპორტულ პრინციპებს არ გასცდება”, – ნათქვამია დინამოს განცხადებაში.


“კავკაზსკი უზელის” ცნობით, აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბმა “გაბალა” 9 ივლისს თბილისის “დინამო” დაამარცხა და მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში გავიდა ევროპის ლიგაზე. კიდევ ერთი აზერბაიჯანის გუნდი, რომელიც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა, ბაქოს “ინტერია”. გამოცემის ცნობით, მატჩმა “გაბალასა” და “დინამოს” შორის ინცინდენტებით ჩაიარა. 


“გაბალა”- “დინამოს” მატჩზე, რომელიც 9 ივლისს გაიმართა, მასპინძლებს გამარჯვება ესაჭიროებოდათ მინიმუმ ანგარიშით 1:0. ანგარიში 88-ე წუთზე გახსნა სერგეი ზენევმა, საბოლოოდ კი მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა. ამ შედეგით “გაბალა” მისი არსებობის ისტორიის მანძილზე ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად მოხვდა. გამოცემის ცნობით, მატჩს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია, “გაბალას” გულშემატკივრებმა მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს, და მოიტანეს პლაკატები, სადაც ბოლნისი, რუსთავი და მარნეული აზერბაიჯანული დასახელებებით ეწერა.

 

 მანამდე “დინამო” და “გაბალა” 2 ივლისს საქართველოში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც “დინამომ” ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

 

“კავკაზსკი უზელის” ცნობითვე, “დინამო” – “გაბალას” მატჩის შემდეგ ქართველმა გულშემატკივრებმა ფეხით გათელეს აზერბაიჯანის დროშა, რომელიც ნაცემი აზერბაიჯანელი გულშემატკივრებისგან აიღეს, ასევე მატჩის განმავლობაში ქართველმა გულშემატკივრებმა გამოიტანეს ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ აზერბაიჯანის ორი რეგიონი საქართველოს ტერიტორიაა. 

 

აღნიშნულის გამო 3 ივლისს თბილისის “დინამომ”  განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კლუბი სრულად ემიჯნება და გმობს 2 ივლისს მომხდარ ინციდენტს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და  აზერბაიჯანის სიმბოლიკის (დროშის) შეურაცხყოფას. კლუბის განცხადებით,  ინფორმაციის თანახმად, მოვლენები დინამო არენას ტერიტორიის გარეთ მოხდა და დინამო თბილისი, როგორც ორგანიზატორი მხარე, ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ამ საქმის შესწავლა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს დაავალა. ნეტგაზეთმა შსს-ს პრესსამსახურს მიმართა შეკითხვის, არის თუ არა ამის გამო ვინმე დაკავებული, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი