ახალი ამბები

ISFED: თბილისის მერიამ საჯარო მოხელეთა კონკურსზე დაკვირვების საშუალება არ მოგვცა

10 ივლისი, 2015 • • 1067
ISFED: თბილისის მერიამ საჯარო მოხელეთა კონკურსზე დაკვირვების საშუალება არ მოგვცა
ორგანიზაციას მერიიდან მოწოდებული წერილის მიხედვით, გასაუბრებაზე დასწრება დამკვირვებლის სტატუსის ნაცვლად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის სტატუსით შესთავაზეს, რაც მიუღებელია, რადგან კომისიის წევრის სტატუსი წინააღმდეგობაში მოდის სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობასთან, აცხადებენ „სამართლიანი არჩევნებში“ .
 
 
 
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს თბილისის მერიას, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ორგანოებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიებს, დროულად მოახდინონ დაინტერესებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმირება დაგეგმილი კონკურსებისა და ატესტაციების პროცესების შესახებ და მისცენ სრულფასოვანი დაკვირვების საშუალება, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს ატესტაციებისა და კონკურსების პროცესის სამართლიანობა და გამჭვირვალობა.
 
 
2015 წლის 7 ივლისს თბილისის მერიაში კონკურსის გასაუბრების ეტაპი დაიწყო. “სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ მერიას მიმართა განცხადებით, რომლითაც ითხოვდა კონკურსის გასაუბრების პროცესზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრებას.
 

ISFED
ISFED
 
მოთხოვნაზე პასუხი მერიამ ორგანიზაციას დაგვიანებით, 29 ივნისს მიაწოდა. არასრულყოფილი პასუხის არაგონივრულ ვადებში მოწოდების გამო „სამართლიან არჩევნებს“ შეეზღუდა თბილისის მერიაში მიმდინარე კონკურსის გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების უფლება, აცხადებს ორგანზიაცია.
 
 
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციას კონკურსებისა და ატესტაციების, გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების შესაძლებლობა არ მიეცა. საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების პროცესის მონიტორინგის განმავლობაში, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, ორგანიზაცია 14 თვითმმართველ ორგანოში სრულად ან საერთოდ ვერ დააკვირდა გასაუბრებებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი